რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.
რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს დღეს მოქმედი კანონი შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე, ცვლილებებით ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
ფართოვდება ეკონომიკური აგენტის ცნება, კერძოდ განისაზღვრება, რომ ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის სამეწარმეო საქმიანობის ნაცვლად გადამწყვეტია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რომელიც უფრო ფართო ცნებაა.
კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების რეფორმა წარმოადგენს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ცვლილებებით შემოდის კონცენტრაციის თაობაზე ე.წ. პირობითი გადაწყვეტილების მექანიზმი, რომელიც ცნობილია სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების სახელით.
იცვლება საქმის წარმოების ვადები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, საქმის დასრულებამდე გაუგზავნოს მხარეებს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების საკითხის ეკონომიკური აგენტისათვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოულოდნელობის ეფექტი და თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის განადგურების, ან გადამალვის შესაძლებლობა.
- კანონის არსებული რედაქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია ასევე, სანქციების არარსებობა. კანონპროექტით აღმოიფხვრება ეს ხარვეზი“.