„მინდა მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის საკითხს შევეხო, გასულ წელს მიდგომები და ჯარიმები გავამკაცრეთ, ასევე ჯარიმები გავზარდეთ. 1 იანვრიდან დღემდე დაახლოებით, 1000-ზე მეტია ოქმი გამოწერილი, ჯარიმების ოდენობა 19 მლნ ლარია,“ - ამის შესახებ დღეს თბილისის მთვარობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მერი აღნიშნავს, ჯარიმების გაზრდა იყო სწორი მიდგომა.
„მთავარი მიდგომა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შევამციროთ და არა ის, რომ მუნიციპალიტეტმა რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი იყო ჯარიმები გაგვეზარდა იმიტომ, რომ ის პრობლემა და ის დარღვევები, რაც მშენებლობებზე სხვადასხვა სახით ხდებოდა შეგვემცირებინა და ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ დეველოპერებს, მშენებლებს მოვუწოდოთ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა სამშენებლო ობიექტებზე მაქსიმალურად გაამკაცრონ საკუთარი მიდგომები და დამოკიდებულებები, ხოლო კანონის ფარგლებში ყველაფერი ისე გააკეთონ როგორც არის მოთხოვნილი და რა შეიძლება ნაკლებად მოხდეს დაჯარიმებები", - განმარტა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამშენებლო ნარჩენების დაყრის თვალსაზრისით ინსპექტირების შედეგები. კახა კალაძე ამ მიმართულებით დღევანდელ სხდომაზე კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
„ვფიქრობ, სამშენებლო ნარჩენების დაყრა ჯერ კიდევ პრობლემაა. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა ჯარიმები გაიზარდოს. მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ იმ რაოდენობის ჯარიმები არ გვაქვს, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. 1000-მდეა გამოწერილი ოქმების რაოდენობა, ხოლო 700 000 ლარი არის შემოსული ჯარიმებიდან. ჯარიმების გაზრდა აუცილებლად უნდა მოხდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.




























