ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მას მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი მხრივ, საჩუქარია მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას წარმოადგენს.
„საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელშეწყობა და დახმარება ქართველი მუსიკოსებისთვის, მომღერლებისთვის. ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა-განმარტება თუ რატომ იმართება სატელევიზიო ფორმატით. ამ საზეიმო წუთებში არ გადაგღლით მძიმე თემებით, ვიტყვი მხოლოდ ერთს - ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და შეურაცხყოფა, რაც არაერთხელ ვიხილეთ თუნდაც იგივე მუსიკოსების მისამართით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„დღეს 31 დეკემბერია. მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, მეტი დახმარებით და გვერდით დგომით ჩვენი თანაქალაქელების მიმართ. თბილისი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი მთავარი ხიბლი და ღირსება აქ მცხოვრები ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის რეალობას. ამდენად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რაც გაგვიხორციელებია, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.
„სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საფუძველი საიმისოდ, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს გაცილებით წარმატებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს. 2026 წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო ჩვენი დედაქალაქისთვის. დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე ნდობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით თქვენ, თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლებია თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. მადლობა მოთმინებისთვის, რაც ყოველი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობით გამოწვეულ დისკომფორტს მოაქვს. ყველა ცვლილება, რომელიც დედაქალაქის სასიკეთოდ განხორციელდა, თქვენი ჩართულობისა და თანადგომის შედეგია. სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით ქალაქს, სადაც ცხოვრება უკეთესია. ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი, რომელიც საუკუნეებია ვითარდება ადამიანების თანადგომის, შრომისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის შედეგად. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























