თბილისის მერი, კახა კალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტები უფრო სოციალურია, ვიდრე მოგებაზე გათვლილი.
„რაც შეეხება ავარიული პროექტების ჩანაცვლება-განახლების პროექტს. სამწუხაროდ, ასეთი სახლი ბევრია, დაწყებული გვაქვს მათი განახლება/ჩანაცვლება. ამჯერად სამგორის რაიონს ეხება საკითხი. მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერულ კომპანიებს - მიიღეთ მონაწილეობა მეგობრებო.
მე მესმის, რომ შეიძლება ეს არ იყოს პროექტები, სადაც მაღალი მოგება ფიქსირდება, ეს უფრო სოციალური პროექტია და თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ასეთი შენობა/ნაგებობების ჩანაცვლება. უკვე რამდენიმე პროექტზე სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. უკვე აშენებულია რამდენიმე სართული, დავამთავრებთ სამუშაოებს და გვინდა, უფრო გავზარდოთ მასშტაბურობა, მეტი პროექტი განვახორციელოთ და შეფერხებები არ გვქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 10 ათასამდე შენობა/ნაგებობაა, სხვადასხვა ავარიულობის ხარისხით. პროგრამაში ბოლოს შეტანილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.
პირველი პროექტი ვარკეთილში განხორციელდა. ავარიული შენობის დემონტაჟის და ახალი პროექტის აშენების პროცესში მოქალაქეებს ქირით თბილისის მერია უზრუნველყოფს.
რას შესთავაზებს მერია ბიზნესს ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების გამოსყიდვის სანაცვლოდ?