თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კი ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული და „ნაგვის ბუდედ“ იქცა. მისივე თქმით, დემონტაჟის ნებართვა საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებით გაიცა.
„ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო. ზოგადად, შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა. კერძო მესაკუთრემ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ტერიტორიის განვითარების ახალი გეგმა მერიაში ჯერჯერობით წარდგენილი არ არის, თუმცა მესაკუთრე მას დემონტაჟის დასრულების შემდეგ წარადგენს. კალაძე დარწმუნებულია, რომ დარგის სპეციალისტების ჩართულობით რიყეზე „ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ, კახა კალაძემ წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული ხარჯები კიდევ ერთხელგააკრიტიკა და პროექტს გაუაზრებელი უწოდა.
„რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
2025 წლის ივნისში "რიყე დომის" მესაკუთრე გახდა შპს "მაქრო ფროფერთი", რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, მაქრო ჯგუფი საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი კლასის სასტუმროს - Swissotel Tbilisi-ს, ასევე პროექტ მაქრო სითის და სამშენებლო კომპანია მაქრო ქონსთრაქშენს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარება არის შესაძლებელი.
"უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას", - წერია მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულებაში.
თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.
ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.
2025 წლის 21 მაისს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.
რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.
რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.




























