მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და იმავდროულად უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას არალოგიკურს უწოდებს

კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ ერთის მხრივ, ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას და მეორეს მხრივ, უნივერსიტეტების მეგობრობის შემოთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს.

როგორც კალაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რუსული მხარის პოზიცია ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტებით განმარტებული არ არის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

"მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე: ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთის მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორეს მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია!“, – განაცხადა თბილისის მერმა და იქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსგავსი ქმედებები "საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული".

„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები