თბილისში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. საუბარია მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ საბაგიროებზე. როგორც კალაძემ განაცხადა, საბაგიროს ახალი გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს.
„მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 000 მგზავრს მოემსახურება.
გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.




























