მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე ყოფილ "პროგრეს ბანკზე" გამოძიების არსებობას ადასტურებს - რა ვიცით 9 წლის წინ დახურულ ბანკზე

ივანიშვილი კალაძე

„პროგრეს ბანკმა" ბანკის სტატუსით არსებობა 2016 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ბანკი, რომლის აქციონერებიც სხვადასხვა დროს კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ფულის გათეთრებაში ბრალდებული რუსი ბიზნესმენი ილია გავრილოვი იყვნენ, საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა. "ტვ პირველის" ჟურნალისტურ გამოძიებასთან, "პროგრეს ბანკის" იურიდიული სამართალმემკვიდრის, სააქციო საზოგადოება "პროგრესის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი მოდრეკელიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს მის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული და მათ ბანკის საქმიანობის სრული არქივი ამოიღეს.

აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თბილისის მერს და "პროგრეს ბანკის" ყოფილ აქციონერს კახა კალაძეს. კალაძემ დაადასტურა, რომ აღნიშნული გამოძიება არსებობს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გამოძიებას მასთან კითხვები არ აქვს და შესაბამისად "სათანამშრომლო არაფერი არ არის".

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით. ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი...აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“- განაცხადა კალაძემ.

"პროგრეს ბანკის" ისტორია - რატომ გააუქმა სებ-მა მისი საბანკო ლიცენზია

„პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ მისი კომპანიის „კალა კაპიტალის“ მეშვეობით დააფუძნა 12 მლნ ლარის ინვესტიციით. ბანკის მართვაში ჩართული იყვნენ ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და კალაძის სპორტული აგენტი ლორენცო ჩიპრიანი, თუმცა ნოღაიდელი მალევე ჩამოცილდა ბანკის საქმიანობას.

"პროგრეს ბანკი" არსებობის განმავლობაში საქართველოს საბანკო სფეროს რეიტინგის ბოლო პოზიციებს იკავებდა და ის თითქმის ყოველ წელს ზარალით ასრულებდა. 2007-2011 წლებში ბანკის 100%-ს კახა კალაძე ფლობდა, 2011 წლის მეოთხე კვარტალში ბიძინა ივანიშვილი მისი აქციების 9%-ის მფლობელი გახდა, 2012 წლის პირველ კვარტალში კი ივანიშვილის წილი 22%-მდე გაიზარდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კახა კალაძემ მაშინ როდესაც ის ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% WEBION INVESTMENTS LIMITED-ს მიყიდა, რომლის უკანაც რუსი ამერიკელი ფორმულა1-ით გატაცებული მილიარდერი მაიკ ზოი იდგა. ამის შემდეგ 2015 წელს იგივე წილი The company Pintex Group Corp-მა შეიძინა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. გავრილოვი წარმოშობით თურქმენი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. მის ბანკს Federal Deposit Bank რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზია 2015 წლის დეკემბერში შეუჩერა სარისკო საკრედიტო პოლიტიკისა და საეჭვო გადარიცხვების გამო.

ბანკიდან კახა კალაძის გასვლის შემდეგ, ახალი აქციონერების პირობებში 2012 წელს არსებული 21 მილიონი ლარიდან 2013 წელს ბანკის აქტივები ჯერ 56 მილიონამდე, 2014 წელს 74 მილიონ ლარამდე, 2015 წელს კი 195 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აქტივების ასეთი ზრდა ბანკში საეჭვო წარმომავლობის დეპოზიტების დაგროვებას უკავშირდებოდა.

2015 წელს "პროგრეს ბანკს" ასევე მოზიდული ჰქონდა დეპოზიტი რუსული კომერციული ბანკისგან - Коммерческий банк развития-სგან, აღნიშნულ ბანკს რუსეთში შეუჩერდა ლიცენზია 2016 წლის ოქტომბერში, ნოემბერში კი, გაკოტრებულად გამოცხადდა.

2016 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა "პროგრეს ბანკს" ლიცენზია შეუჩერა, იქამდე კი 2016 წლის სექტემბერშივე პროგრეს ბანკის აქტივების უდიდესი ნაწილი "თიბისი ბანკმა" შეიძინა. გარიგების მიზეზების შესახებ 2019 წელს განცხადება გააკეთა "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომლის თქმითაც 2016 წელს როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

2019 წელსვე, ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

ამავე პერიოდშიც კახა კალაძე აღნიშნავდა, რომ ბანკს ფულის გათეთრებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია,"- განაცხადა კალაძემ.

ბანკის აქტივების უდიდესი ნაწილის გაყიდვის შემდეგ, მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, თუმცა 2018 წელს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის განკარგულებით, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და „პროგრეს ბანკი“ სს „პროგრესი“-ს სახელით არასაბანკო ორგანიზაციად აგრძელებს ფუნქციონირებას. სწორედ ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი მოდრეკელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2024 წელს მის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული და მათ ბანკის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღეს.

2023 წლის დეკემბერში ილია გავრილოვი რუსეთში, Коммерческий банк развития-ს მეშვეობით 2.9 მილიარდი რუბლის არამართლზომიერად მიმართვისთვის დამნაშავედ ცნეს და მას 7.5 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამ საქმისა, მას 2023 წელს ასევე 7-წლიანი პატიმრობაა მიესაჯა Novikombank-ის საქმეთან დაკავშირებითაც, საიდანაც 3.6 მილიარდი რუბლის არამართლზომიერად განკარგვას ედავებიან. 2025 წელს კი ილია გავრილოვს სასამართლომ მითვისებული თანხების დაბრუნება დააკისრა.

ილია გავრილოვი სასამართლოზე 2025 წელს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები