"სამსახურიდან გამათავისუფლეს", - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებაზე გარკვეული კითხვები გააჩნია.
"8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს... რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს", - წერს გიგა სოფრომაძე.
გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამსახურიდან გათავისუფლების ცნობასა და კახა კალაძისთვის გელა ჩივიაშვილის მხრიდან გაგზავნილ წერილს.
"ბატონო კახა, მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში დასაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე. შრომითი ხელშეკრულებით მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. პატივისცემით, გელა ჩივიაშვილი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი)", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამსახურის გათავისუფლების ცნობაში წერია, რომ გიგა სოფრომაძეს ხელშეკრულება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შეუწყდეს.
გიგა სოფრომაძემ ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები “ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს, ემიჯნებიან.