მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტი ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად, მოწესრიგებულ მწვანე ზონებსაც შექმნის

კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც უდიდესი არაბული ინვესტიციაა საქართველოში, პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა პროექტთან დაკავშირებით კორუფციულ რისკებს, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ პროექტი კერძო ინვესტორის მიერ ხორციელდება და შესაბამისად, სწორედ ინვესტორის გადასაწყვეტია თუ რომელ კონტრაქტორს დაიქირავებს პროექტირების თუ მშენებლობის ეტაპზე.

„კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბიუჯეტში შემოსული თანხების თვალსაზრისით, ქართული კომპანიების ჩართულობით. ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ პროექტი მწვანე არეალების შენარჩუნებაზე იქნება ფოკუსირებული. მისივე ინფორმაციით, ეს იქნება კომბინირებული სივრცე, რომელიც გააერთიანებს პარკს, საცხოვრებელ არეალს, სასტუმროებს, ტბებს და ასე შემდეგ.

„რეკრეაციული სივრცეები და ტყით დაფარული არეალები, რომელიც არის კრწანისის ტყე-პარკში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. არის ტბები, რომელიც შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მოწესრიგდება, განახლდება და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაისვენონ, გაერთონ, იცხოვრონ“, - აღნიშნა მერმა.

პროექტის ფარგლებში ინვესტორს სახელმწიფო გადასცემს 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთს თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან სოფლებს - ფონიჭალას, აღთაკლიას და ყარაჯალარსა და ყარათაქლას მიმდებარედ. არსებული გეგმის თანახმად, 2026 წლის ზაფხულამდე კომპანიამ ამ მიწის ნაკვეთის განვითარების დეტალური საპროექტო გეგმა უნდა მოამზადოს და სახელმწიფოს შეუთანხმოს, რის შემდეგაც უკვე მისი განხორციელების ეტაპი დაიწყება.

Tbilisi Waterfront-ის პროექტის არსებული რენდერები:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები