საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე.წ. „შესაძლებლობების ქარდი“, რომელსაც ევროპის მასშტაბით უკვე 9 მილიონამდე ახალგაზრდა აქტიურად იყენებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიატი საქართველოში თბილისის მერიაა.
კალაძის თქმით, ბარათი მის მფლობელებს ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას სთავაზობს.
„სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.
ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველოში პირველი ფასდაკლებების/შესაძლებლობების ქარდი იქნება, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მისცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისა და საინტერესო გამოცდილებების მისაღებად.
„ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ელოდება ქართველ ახალგაზრდებს, ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა კი დღითი დღე იზრდება. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.