მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, პარტია "ლელოს" წევრ ვახტანგ სურგულაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"არასდროს დავმალულვართ, ყველაფერზე პირდაპირ ვსაუბრობდით, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება.
დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს - ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს, 12 ივლისიდან 26 აგვისტომდე მგზავრთა მომსახურება შეწყვიტა, რა დროსაც დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, თბილისის მერიამ უშუალოდ სადგურის მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება დააანონსა.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა (არა მზიდი კონსტრუქცია). 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ის ჯერ 17 ნოემბრამდე, ახლა კი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.




























