თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვაკის პარკის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვა უნდა გასცეს თბილისის მერიამ, შესაბამისად, მერია გადაწყვეტს, იქ რამე უნდა აშენდეს თუ არა.
„ჩვენი პოზიცია უკვე გაჟღერებულია, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება, საუბარი იყო 9-სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით არა კონკრეტულ პიროვნებას. ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა მგონი, რადგან მას ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ აქვს. მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, თუ მას რეალურად ამის სურვილი აქვს. დღევანდელი პოზიცია არის ის, რომ განვახორციელოთ ადგილმონაცვლეობა. მათ აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, ნახონ ალტერნატიული ფართები, შეგვიძლია ჩვენც ვნახოთ და განვახორციელოთ ადგილმონაცვლეობა“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი პროექტების განხორციელება მიუღებელია.
„იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, განახლება თავისი კასკადით. როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ შესაძლებელი იქნება დავსხდეთ და ვისაუბროთ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი პროექტების განხორციელება მიუღებელია. ნებართვა უნდა გასცეს დედაქალაქის მერიამ, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იქ რამე უნდა აშენდეს თუ არა”, - ამბობს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აშენების ინიციატივით დღეს ინვესტორის წარმომადგენელმა გიორგი ზაქაიძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ინვესტორი ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი "ბუდაპეშტი". "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმას", - განაცხადა მან. ცნობისთვის, ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.