ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების სხვადასხვა რეჟიმი წარადგინა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო არ უჭერდა მხარს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ევროკავშირში უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავდნენ.
„სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს", - განაცხადა კალასმა.
საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდება კონკრეტული ჯგუფებისთვის გაუქმდეს უვიზო რეჟიმი.
"საქართველოს შესახებ მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესება გრძელდება. თავდასხმებს ევროკავშირის ელჩების მიმართ არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიულ დიპლომატიურ ურთიერთობებში. ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ საკუთარ ანგარიშს და ეს მოგვცემს შესაძლებლობას გავუუქმოთ უვიზო რეჟიმი კონკრეტულ ჯგუფებს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.




























