ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში, ხანძრის მსხვილ კერებზე მეხანძრეებმა კონტროლი მას შემდეგ შეძლეს, რაც ძლიერი ქარი ჩადგა. Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობისთვის საჭირო პირობები დღეიდან გაჩნდა.
კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრების ექვს სხვადასხვა კერას სამშაბათიდან ებრძვიან. სტიქიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, როდესაც მეხანძრეები ძებნა-შველის სამუშაოებს სახლებში დაიწყებენ.
მიუხედავად ასობით მეხანძრის მცდელობისა, ლოს-ანჯელესში, ხანძრის ორი, ყველაზე მწვავე ცეცხლის კერის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩააქრეს. ბოლო ინფორმაციით, ამჟამად მოხერხდა პროგრესის მიღწევა ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ კიდეებში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის ამ ორმა კერამ 14 100 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, რაც მანჰეტენის ფართობს 2.5-ჯერ აღემატება.
ამჟამად ევაკუირებულია 153 000 ადამიანი, 166 800 ადამიანი კი ევაკუაციის გამოცხადების მოლოდინშია. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს კომენდანტის საათი.
მოსალოდნელია, რომ შაბათ-კვირას ლოს-ანჯელესში ამინდის პირობები გაუმჯობესდება, ქარის სიჩქარე კი შემცირდება.