მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალიფორნიაში მუზეუმის საცავიდან ათასზე მეტი არტეფაქტი მოიპარეს

Oakland Museum Heist
03.11.25 22:41
148

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

კალიფორნიაში მდებარე ოკლენდის მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებით მუზეუმის საცავიდან 16 ოქტომბერს ქურდებმა ათასზე მეტი არტეფაქტი მოიპარეს. მათ შორის ისტორიული მნიშვნელობის საიუველირო ნაწარმი, დაგეროტიპები და აბორიგენი ტომების ხელნაკეთი ნივთები.


ქურდობის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის დაგვიანებით გავრცელდა. კალიფორნიის პოლიცია მიზეზად საგამოძიებო სამუშაოებისთვის ხელის შეშლის რისკს ასახელებს.

მუზეუმს კოლექციაში 2 მილიონამდე ექსპონატი აქვს, რის გამოც თანამშრომლებს საკმაო დრო დასჭირდათ მოპარული ნივთების სრული სიის დასადგენად. ხოლო რაც შეეხება მოპარული ექსპონატების საერთო ღირებულებას, მუზეუმის განცხადებით ექსპონატების დიდი ნაწილი შემოწირულობაა და მათი მატერიალური ღირებულება არასდროს შეფასებულა, “ესაა კალიფორნიის მცხოვრებთა ყოველდღიური ნივთები, რომლების საშუალებითაც ჩვენ მათი ცხოვრების ისტორიას ვყვებით. ვფიქრობ ადამიანებმა ვინც ეს ნივთები მოიპარეს თვითონ არც იციან რა აქვთ ხელთ.” - ლორი ფოგარტი, მუზეუმის ხელმძღვანელი.

მუზეუმის ძარცვა ამერიკაში ფედერალური დანაშაულია და საქმეს კალიფორნიის პოლიციასთან ერთად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელოვნების დანაშაულების განყოფილება იძიებს. მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით “დიდი ალბათობით მოპარული ნივთების უმრავლესობა მომდევნო დღეებში ანტიკვარიატის ბაზარზე გამოჩნდება, საზოგადოების მხარდაჭერა კრიტიკულია, რომ ექსპონატები მუზეუმს დაუბრუნდეს.”

ოკლენდის მუზეუმი ძარცვის მსხვერპლი პირველად არ ხდება, 2012-13 წლებში მუზეუმიდან ოქროს ციებ-ცხელების პერიოდის არტეფაქტები, მათ შორის თვითნაბადი ოქროს ნიმუშები, იარაღი და 805 000 აშშ დოლარის ღირებულების XIX საუკუნის ზარდახშა მოიპარეს. მოპარული ნივთებიდან მხოლოდ ზარდახშა დაუბრუნდა მუზეუმს, ქურდმა ის ადგილობრივ ბიზნესს სულ რაღაც 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები