მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალიფორნიაში ქართული ღვინის მე-8 ფორუმი გაიმართა

ღვინო
27.06.25 10:14
305

კალიფორნიის შტატის ქალაქებში - დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის მე-8 ფორუმი გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარი მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალი და ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა განიხილეს.

ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ამასთან ერთად, ქალაქ სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის კულტურის, მისი ისტორიის, ჯიშობრივი მრავალფეროვნების, უნიკალური მეღვინეობის მეთოდების, ქართული ღვინის ეკონომიკის და მარკეტინგის შესახებ კონფერენცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე დაესწრო, რომლის შეფასებით, მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დასამკვიდრებლად უმნიშვნელოვანესია.

„ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს; საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს დაფიქსირდა ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1,2 მილიონი ლიტრი. ქართული ღვინო წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე. ჩვენი მხარდაჭერით იმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, ქართული ღვინისა და მისი კულტურის გასაცნობად ორგანიზებას ვუკეთებთ ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტს“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

აღსანიშნია, რომ წელს 5 თვეში ამერიკაში 2 მილიონ 459 ათასი დოლარის ღირებულების 386 015 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტს მოცულობაში 17.7%-ით, მოცულობაში კი 20.6%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები