კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მედიას აცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მითითებით, სახელმწიფო უწყებებმა მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.
ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტატის მმართველმა და 2028 წლის არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ფედერალური აგენტები ბოლო დღეებია მისი მეგობრებისა და ყოფილი თანამშრომლებისგან სხვადასხვა დოკუმენტაციას ითხოვენ. ნიუსომის შეფასებით, ეს ქმედებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზნად მომავალი არჩევნებისთვის კონკურენტის ჩამოშორებას ისახავს მიზნად.
გამოცემა The Guardian-მა საქმესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გამოძიების პროცესი უკვე დაახლოებით ერთი წელია რაც დაიწყო და ის გუბერნატორის მეუღლის საგადასახადო დეკლარაციებს უკავშირდება. პარალელურად, საქმე ეხება აპარატის ყოფილ ხელმძღვანელ დეინა უილიამსონს, რომელმაც ფედერალურ სასამართლოში თაღლითობის ბრალდება უკვე აღიარა.
როგორც ირკვევა, გამოძიებას კალიფორნიის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურა აწარმოებს და მას ფედერალურ ცენტრთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. თუმცა, ნიუსომი მიიჩნევს, რომ სწორედ მის ჩამოშორებას ემსახურება მიმდინარე სამართლებრივი პროცესი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს ნიუსომის საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ცნობისთვის, ტრამპის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კალიფორნიის შტატმა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ 60-ზე მეტი სარჩელი შეიტანა. გასულ ზაფხულს პრეზიდენტმა ლოს-ანჯელესში სამხედრო ძალების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ ფონზე, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების დაბრკოლების ბრალდებით გუბერნატორის დაკავებაც კი მოითხოვა.




























