მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანიის ფარგლებში 15 ტონამდე პლასტმასის ბოთლი ჩავიბარეთ - Polyvim

6391b408c5779
თინათინ ნატმელაძე
08.12.22 23:00
1444
პლასტმასის ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია Polyvim llc-ი, თანხის სანაცვლოდ, ნარჩენებს ფიზიკური პირებისგან იბარებს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ქეთი მაისურაძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანია ორი თვის წინ დაიწყო და უკვე 15 ტონა პლასტმასი ჩაიბარეს.

"უკვე ერთი წელია, პლასტმასის ბოთლებს გადავამუშავებთ, ეს ერთგვარი B2B ბიზნესია, რადგან ვიღებთ პეტ ფანტელს, რომელიც ბევრ ინდუსტრიაში გამოიყენება - შესაფუთ ინდუსტრიასა და სინთეზური ბოჭკოს წარმოებაში და იმ ნედლეულს, რომელსაც ადამიანები ნარჩენად აღიქვამენ, ნაცვლად იმისა, რომ გარემოში იყოს გაბნეული, ისეთ პროდუქტად გარდავქმნით, რომელსაც ღირებულება აქვს. იმის გამო, რომ ნედლეულის მოპოვება საკმაოდ რთული პროცესია, დავიწყეთ კამპანია, რომლის ფარგლებშიც ადამიანებში სეპარირების კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობთ და ნებისმიერ ფიზიკურ პირს ჩვენს საწარმოში პლასტმასის ბოთლების ჩაბარება და სანაცვლოდ თანხის მიღება შეუძლია - 1 კილოგრამის სანაცვლოდ 1 ლარი.

პლასტმასის ნარჩენების ჩაბარება შესაძლებელია ჩვენს საწარმოში, რუსთავში, გამრეკელის N48-ში და უკვე ქალაქი მცხეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც", - განაცხადა ქეთი მაისურაძემ და დასძინა, რომ ამჟამად 30-მდე ფიზიკური პირი კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს, რის შედეგადაც Polyvim-მა 15 ტონამდე პლასტმასის ბოთლი ჩაიბარა.

რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ცნობით, მთავარი სირთულე ნედლეულის მოპოვების პროცესია, რის გამოც საწარმო არსებული რესურსის მხოლოდ 10%-ის გამოყენებას ახერხებს.

"საწარმოს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 ტონაზე მეტი პლასტმასი გადაამუშაოს, თუმცა ნედლეულის მოპოვება საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ არის პერიოდები, როდესაც დღეში მხოლოდ 3-4 ტონას გადავამუშავებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმო მისი რესურსის მხოლოდ 10%-ს იყენებს", - განმარტავს ქეთი მაისურაძე.

მისივე თქმით, ფიზიკური პირებისგან პლასტმასის ჩაბარების გარდა Polyvim ნედლეულის მოპოვების მიზნით სხვადასხვა კომპანიებთან, რუსთავის ბაღებსა და სკოლებთანაც თანამშრომლობს.

ინფორმაციისთვის გეტყვით,რომ საწარმოს შექმნაში 12 მილიონი ლარის დამფუძნებლის პირადი ინვესტიციაა ჩადებული და დასაქმებულთა რაოდენობა ამ დრომდე 55-მდე ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები