კანადის პრემიერ მინისტრი, მარკ კარნი მორიგი სახელმწიფო ვიზიტისთვის ემზადება. ჩინეთის შემდეგ ამჯერად ის ავსტრალიაში ჩასვლას და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრ ანტონი ალბანეზისთან შეხვედრას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი მარტის თვეშია დაგეგმილი და მის ფარგლებში კარნი ავსტრალიის პარლამენტსაც მიმართავს.
პრემიერ-მინისტრმა ალბანეზიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კარნის ვიზიტი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადი იქნება ზესახელმწიფოებისთვის და შეხსენება, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში დიდ როლს ისეთი “შუა ძალები” ითამაშებენ, როგორებიც კანადა და ავსტრალია არიან. აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებასა და ძალთა ახალი ცენტრების ჩამოყალიბებაზე პირველად კანადის პრემიერ-მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა, სადაც მან თქვა, რომ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი წარსულს ჩაბარდა, ახალ რეალობაში კი კანადის მსგავსი ქვეყნების პრიორიტეტი ე.წ. შუა ძალების გაძლიერება და გაერთიანება უნდა იყოს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა კონკრეტულ მიზანს ემსახურება კარნის ვიტიზი ავსტრალიაში, თუმცა, სავარაუდოა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდებიან. შეგახსენებთ, ოქტომბრის თვეში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კრიტიკული მინერალებით ვაჭრობის შესახებ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მარტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებებიც გაფორმდეს.




























