ევროპარლამენტარები გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ღია წერილით მიმართავს და სამოქმედო გეგმას სთავაზობს, რა უნდა მოიმოქმედოს EU-მ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის დემოკრატია შეილახება.
წერილს, რომელსაც ხელს 30 ევროპარლამენტარი აწერს, სოციალურ ქსელ X-ზე რიჰარდს კოლსი აქვეყნებს. წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რასაც მოსახლეობის 80% იზიარებს, "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში რისკის ქვეშ დგას, განსაკუთრებულ ყურადღებას კი "უცხო ქვეყნის გავლენის" კანონის შემობრუნება იმსახურებს, რომელიც "ოქტომბრის არჩევნებამდე საზოგადოებაში NGO სექტორის სტიგმატიზებას ზრდის".
"საგანგაშო სიტუაციის საპასუხოდ, მოგიწოდებთ, პირველ რიგში, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას. საქართველოში ევროპარლამენტის უფრო მტკიცე დამკვირვებელთა ჯგუფი უნდა გაიგზავნოს, დაფარვა კი მსხვილი უბნების მიღმაც უნდა გავრცელდეს, რათა უზრუნველვყოთ იმ პერიფერიების დაფარვაც, სადაც ელექტორალური დარღვევები უფრო მოსალოდნელია", - ნათქვამია წერილში.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდში დარღვევებს გამოავლენს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს შესაბამისი ზომების მისაღებად - ევროპარლამენტარები ვარჰეის ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობენ:
- EU-ს ფინანსური დახმარების შეწყვეტა - არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის შეზღუდვის ან საარჩევნო პროცესში გავლენის მოხდენის მიზნით ჩარევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, EU მზად უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისთვის, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სესხებისა და გრანტების კუთხითაც. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა შენარჩუნდეს.
- სანქციები მთავარ პირებს - EU-მ სანქციები უნდა დაუწესოს მთავრობის მაღალჩინოსნებსა და მმართველი პარტიის წევრებს, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის.
- საქართველოს კანდიდატის სტატუსის ოფიციალური გადახედვა - თუ არჩევნებში არ იქნება დაცული სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტი, ევროკავშირმა უნდა წამოიწყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის ფორმალური გადახედვა. განხილვა აჩვენებს, რამდენად შეესაბამება მმართველი პარტიის ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს.
- საჯარო დიპლომატია და კომუნიკაცია - ევროკავშირმა აქტიურად უნდა განიხილოს პრობლემური საკითხები არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, არამედ ქართველ ხალხთან. საჯარო განცხადებებმა და მაღალი დონის დიპლომატების ვიზიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების გვერდით დგას.
წერილში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კრიტიკული გამოცდა იქნება საქართველოს ევროპული ღირებულებებისთვის: "საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვა კი, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, სახიფათო პრეცედენტს შექმნის".
ხელმომწერები: რიჰარდს კოლსი, ადრიან ვასკეს ლაზარა, ალექსანდრ ვონდრა, ანა ზალევსკა, ავრელიუს ვერიგა, დაინიუს ზალიმასი, დიეგო სოლიერი, ჰენრიკ დალი, ივარს იაბი, იააკ მადისონი, იაროსლავ ბჟოჰი, იონას სიოსტედტი, კშიშტოფ ბრეჟა, მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანი, მარკეტა გრეგოროვა, მარტინს სტაკისი, მატეი ტონინი, მერია კილონენი, მირიამ ლექსმანი, ნორა ჰუნკო გარსია, ონდრეი კრუტილეკი, პეტრას აუშტრევიჩუსი, რასა იუკნევიჩიენი, რეინის პოზნაკსი, რიჰო ტერასი, რობერტს ზილე , სებასტიან ტინკინენი, სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა, ტობიაშ ბოჰენსკი, ვირგინიუს სინკევიჩუსი.