„გალთ & თაგარტმა" თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ნოემრის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
განახლებული მონაცემების თანახმას, 2023 წლის ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა. წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის მაღალი ბაზაა.
გასულ წელტან შედარებით, გაყიდვები შემცირებულია 11 თვიან ჭრილშიც. ჯამურად 2023 წლის 11 თვეში გაიყიდა 36,283 ბინა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა). თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12.0%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში.
ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით ბინების გაყიდვებმა პირველად ბაზარზე
იკლო (-6.1% წ/წ), ხოლო, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.
რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა და გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 11 თვეში ჯამური ბაზრის ზომა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველად ბაზარზე ფასების მატებით, რაც აკომპენსირებს გაყიდული ბინების რაოდენობის კლებას.
2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძეს მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ. ასევე მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში.
კვლევითი ორგანიზაციის მოლოდინით, საქართველოსი ქირის ფასები ეტაპობრივად შემცირდება. 2023 წლის ნოემბერში თბილისში საშუალო ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2-ზე (+6.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ ქირა 2023 წლის მარტიდან, როდესაც მან პიკს მიაღწია, დღემდე 5.4%-ით არის შემცირებული.
2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისანში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ამხელა ზრდა დაკავშირებულია უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაზრდილ პროექტებთან.