Galt & Taggart-ის რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ქობულეთში 2022 წელთან შედარებით ბინების გაყიდვები თითქმის 60%-ით გაიზარდა.
როგორც სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში იზრდებოდა, ამჟამად კი ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.
ორგანიზაცია მოელის, რომ მომდევნო წლებში ერთი მხრივ ბათუმში არსებული რესურსის ამოწურვის და მეორე მხრივ ქობულეთში 22 დეველოპერული პროექტის მშენებლობის მიმდინარეობის ფონზე გაყიდვების რაოდენობა მომდევნო პერიოდებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„2023 წელს ბათუმში თითქმის 16 ათასი ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-იანი კლებაა. ამის მიზეზი რამდენიმეა.
პირველი ეს იყო რეკორდული 2022წელი. მეორე ის, რომ გასაყიდი ბინების მარაგები ბათუმში მომუშავე სისტემურ დეველოპერებს, უკვე საკმაოდ ლიმიტირებულად აქვთ, რადგან იმდენად აქტიური იყო წინა პერიოდები, რომ პროექტები, რომლებიც სრულდება 2024-2025-ში, ბინების 88% გაყიდულია. ამიტომ რთულია იყიდო ბინა, რომელიც უახლოეს წლებში სრულდება. ეს ეხება 2026-2027წწ-საც. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ შესაძლოა შემცირება უკავშირდებოდეს არა მხოლოდ იმას, რომ აქტიური ბოლო 2 წელი გვქონდა, არამედ იმასაც, რომ პირველად ბაზარზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.
და მესამე ფაქტორი, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავდით რომ დეველოპმენტი ბათუმიდან მიიწევდა შემოგარენისკენ. ეს იყო თავდაპირველად გონიო, კვარიათი, მახინჯაური, მწვანე კონცხი და დღეს უკვე ვხედავთ ტენდენციას ქობულეთის მხარეს - ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი. ეს გაყიდვებშიც აისახა. ქობულეთში 60%-იანი ზრდაა, თუმცა ნომინალურად დაბალ რიცხვებზე ვლაპარაკობთ, რადგან ახლა დაიწყო მიწოდება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს დასაწყისია მხოლოდ და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება იწოდება.“ - განაცხადა Galt & Taggart - გალტ & თაგარტი-ს სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა.