„გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასის კლება შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე 2024 წლამდე გაგრძელდება.
როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სამყურაშვილმა აღნიშნა, ბაზარზე რისკები ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„უძრავი ქონების ბაზარს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით ჩვენც და მარეგულირებელიც, რადგან ძალიან დიდია მისი გადამცემი ეფექტები ეკონომიკაზე. რისკებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ნამდვილად მომატებულია, იმაზე მეტად, ვიდრე 1 წლის წინ იყო. ეს გამომდინარეობს იმ ბუმისგან, რაც შარშან გვქონდა. სრულად ვიზიარებ ეროვნული ბანკის პათოსს, რომ ქირების ზომაზე მეტად ზრდას, ეს რისკები ახლავს. ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ ქირა იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ ჯერ დასტაბილურება დაიწყო ბაზარმა, შემდეგ კლება და ამის გაგრძელების მოლოდინი არსებობს. მიგრაციული ტალღაც შესუსტებულია, ბოლო თვეებში მეტი გასვლაა, ვიდრე შემოსვლა.
რამდენად სწრაფი იქნება კლება, დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება მიგრანტების გასვლის ტემპი. თუ ისეთივე უეცარი იქნება როგორც შემოსვლა, ბუნებრივია, ამას ქირაზე ექნება სწრაფად ასახვა. თუ თანდათანობით მოხდა მათი დაბრუნება, მაშინ თანდათანობითვე მოხდება ქირების კლება, ჩვენ ნახტომისებულ კლებას არ ველოდებით, თუმცა შემცირების ტრენდი ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება როგორც წლის ბოლომდე, ისე 2024 წლის განმავლობაში“, - განაცხადა სამყურაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მკვეთრად შეიცვლება, ეს შესაძლოა, სისტემური რისკების დაგროვების წყარო გახდეს.
მარეგულირებელი მიუთითებს, რომ ქირის ფასის კლების შემთხვევაში, ქირიდან მისაღები შემოსავლები შემცირდება, რაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ ფონზე ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ კრედიტის გაცემის დროს, ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას აღნიშნული დინამიკა გაითვალისწინონ.
ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი და მის გრძელვადიან ტრენდს აჭარბებს. 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი ლარში 27%-ით, ხოლო დოლარში 43%-ითაა გაზრდილი. ამას ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ომის ფონზე ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო ხარჯების მატებით ხსნის.
"მიუხედავად იმისა, რომ ქირის ფასის ზრდის ტემპი შენელებულია, ის 30 პროცენტით აჭარბებს მის გრძელვადიან ტრენდს, რაც ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მკვეთრადაა გაზრდილი კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია",- ნათქვამია ანგარიშში.