მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები 7.5%-ით შემცირდა - Galt & Taggart

აჭარა

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით ნაკლები შემცირება ფიქსირდება. აღნიშნული კლებას საინვესტიციო ბანკი 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით ხსნის და წერს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი 2021 წლის მაჩვენებლებს 29.6%-ით აღემატება.

წლიურ შეჯამებაში "გალტ & თაგარტი" წერს, რომ ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა, რისი მიზეზიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა - ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 სწორედ ახალ ბულვარში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქობულეთში ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა (+59.5% წ/წ) დაფიქსირდა, თუმცა ნომინალური რიცხვებში მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა. საინვესტიციო ბანკის მოლოდინია, რომ ქობულეთში 22 დეველოპერული პროექტის მშენებლობის მიმდინარეობის პირობებში გაყიდვების რაოდენობა მომდევნო პერიოდებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კვლევის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, შერჩეული დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა 2023 წელს 2.8%-ით შემცირდა. ეს მცირედი კლება შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას, კერძოდ: 1) რეკორდულად მაღალი გაყიდვების რაოდენობით 2022 წელს, 2) მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია და 3) უძრავი ქონების დეველოპმენტის აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით, რადგან თანდათან მზარდია პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს). აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შერჩეული დეველოპერების პროექტებში უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 2022 წელს დაფიქსირებული 75%-დან 80%-მდე გაიზარდა.

Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსი კახა სამყურაშვილი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ბათუმსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასული წლის ტენდენციებზე საუბრობს. ის განმარტავს, რომ ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში იზრდებოდა, ამჟამად კი ახალი მშენებლობების არეალი აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ კიდევ უფრო გაფართოვდა და ისეთ ტერიტორიებს მოიცავს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.

„2023 წელს ბათუმში თითქმის 16 ათასი ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-იანი კლებაა. ისევე როგორც თბილისში ბათუმშიც 2022 წელი რეკორდულად მაღალი იყო და ამიტომ 2023 წელს 2022-თან მიმართებით მცირე შენელება გვაქვს.

აქ განსხვავებაა ის, რომ თუ თბილისში კლება მეორად ბაზარზე იყო და ზრდა პირველადზე გვქონა, ბათუმის შემთხვევაში ორივეგან კლებაა, უფრო მეტად კი პირველად ბაზარზე. აქ გასათვალისწინებელი ფაქტორი დაგვიანებული რეგისტრაციის საკითხია. ბათუმში დიდი პროექტები რამდენიმე წელი გრძელდება და ამის რეგისტრირება შემდეგ ერთიანად ხდება. ამიტომ დეველოპერებიც გამოვკითხეთ, 20-მდე პროექტის ანალიზით და მათ საფუძველზეც შედეგი იგივეა, კლება 3%-იანია, რაც რამდენიმე მიზეზით იხსნება. პირველი მიზეზი რეკორდული 2022 წელია; მეორე მიზეზი ის არის, რომ გასაყიდი ბინების მარაგები მათ უკვე საკმაოდ ლიმიტირებულად აქვთ, რადგან წინა პერიოდები იმდენად აქტიური იყო, რომ პროექტებში, რომლებიც 2024-2025 წლებში სრულდება ბინების 88% გაყიდულია. ამიტომ რთულია იყიდო ბინა, რომელიც უახლოეს წლებში სრულდება. ეს ეხება 2026-2027 წლებსაც. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ შესაძლოა, შემცირება არა მხოლოდ იმას უკავშირდებოდეს, რომ ბოლო ორი წელი აქტიური გვქონდა, არამედ იმასაც, რომ პირველად ბაზარზე ბინები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მესამე ფაქტორი, რაც ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კლებას განაპირობებს, ის არის რომ ბოლო წლებში დეველოპმენტი ბათუმიდან შემოგარენისკენ მიიწევდა. ეს იყო თავდაპირველად გონიო, კვარიათი, მახინჯაური, მწვანე კონცხი და დღეს უკვე ტენდენციას ქობულეთის მხარეს ვხედავთ - ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი. ეს გაყიდვებშიც აისახა. ქობულეთში 60%-იანი ზრდაა, თუმცა ნომინალურად დაბალ რიცხვებზე ვლაპარაკობთ, რადგან მიწოდება ახლა დაიწყო. თუმცა ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში მიწოდება კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები