მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 9 თვეში 20%-ით შემცირდა - Galt&Taggart-ში მიზეზებს განმარტავენ

ბათუმი

Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბათუმში გაყიდვები 20%-იან კლებას აჩვენებს. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სამყურაშვილმა გამომწვევ მიზეზებს შორის ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური გარემო, მიგრანტების ეფექტის შენელება და იპოთეკურ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები დაასახელა.

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 20%-იანი კლებაა გაყიდვებში. საკმაოდ მაღალი ტემპია ისევ, თუმცა იცით რომ 2022-2023წწ იყო სექტორისთვის პიკური. კლების მიზეზების გაანალიზებისას, რამდენიმე ფაქტორი გამოიკვეთა. პირველი ეს იყო მიგრანტების ეფექტის ამოწურვა და მათი გასვლა ქვეყნიდან, ასევე გამოსაყოფია მაღალი საპროცენტო განაკვეთების გარემო და ბოლოს ეს არის არასტაბილური გარემო, რაც ქვეყანაში იყო შექმნილი.

დავიწყოთ მიგრანტების საკითხით. ჩვენი შეფასებით მათმა რიცხვმა პიკს 2022 წელს მიაღწია, როცა ბათუმში 25 ათასი მიგრანტი ცხოვრობდა. 2024 წლის ბოლომდე ველოდებით რომ 15 ათასამდე შემცირდება. ანუ ამ აქტივობის შემცირებამ იმოქმედა გაყიდვების რაოდენობაზე.

მეორე ეს არის ფასები, რომელიც ძალიან სწრაფად გაიზარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბათუმში უფრო მეტად ვიდრე თბილისში და შეიძლება ამანაც უბიძგა მომხმარებელს რომ გადაევადებინა ინვესტიციის განხორციელება.

მესამე ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთების გარემო, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. ერთი ეს არის ალტერნატიული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმზიდველობის გაზრდა. დეპოზიტები რომ ავიღოთ ევროში, ან სახაზინო ობლიგაციებზე უკუგება, ეს გაზრდილია. ანუ უცხოელისთვის სხვაობა უძრავი ქონების მიმზიდველობასა და სხვა ალტერნატივებს შორის შემცირდა. მეორე მხრივ კი იმ ადამიანებს ვინც იპოთეკით ყიდულობს უძრავ ქონებას, გაუძვირდათ საკრედიტო რესურსი, ამანაც იმოქმედა და ბოლოს ეს არის არასტაბილური გარემო. ეს მოქმედებს იმ მყიდველებზე, რომლებიც უძრავ ქონებას ბათუმში ყიდულობენ იმ იმედით, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება. ბოლო თვეების არასტაბილურობის გამო ამ მხრივ არსებული სტიმულები შესუსტდა.

რომ შევაჯამოთ, ეს არის ის განმაპირობებელი ფაქტორები, რამაც საბოლოოდ შეასუსტა წელს გაყიდვები“, - განაცხადა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები