მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ორი თვის წინ მიენიჭა საქართველოს, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც ამ სტატუსს მოაქვს, არამარტო საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც წინ შეხვედრაც უძღოდა.
ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მუშაობის ტემპს დააჩქარებენ.
„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ორი თვის წინ მიენიჭა საქართველოს, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც ამ სტატუსს მოაქვს, არამარტო საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, არის შემდეგი: ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენ მუშაობის ტემპს, იმისათვის რომ ევროკავშირის გზაზე და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს საქართველო და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.
ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არამხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვენი ლიდერების მოსაზრება, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია. ამიტომაც ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ სასამართლო რეფორმის ტემპი და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ვარჰეიმ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში ბრიუსელში პირველად გუშინ გაემგზავრა. ის დღეს ბორელის შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია.