მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანდინსკის "წითელი წრე" აუქციონზე გაიყიდება - სავარაუდო ფასი $21 მილიონია

კანდინსკი

აბსტრაქციონიზმის მამად წოდებული მხატვრის ვასილი კანდინსკის 1939 წლის ნახატი წითელი წრე (Le rond rouge) Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება, ნამუშევრის სავარაუდო ფასი 15,5 მილიონი გირვანქა სტერლინგია ($21 მილიონი).

ნახატი კანდინსკის გვიან პერიოდს ეკუთვნის. მხატვარი მეუღლესთან ერთად 1933 წელს გერმანიიდან საფრანგეთში, კერძოდ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად რადგან გერმანიაში ნაციზმი მძაფრდებოდა. პარიზში მხატვრის საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიანი აღმოჩნდა, სწორედ ამ დროს აღმოაჩინა კანდინსკიმ ახალი გამომსახველობითი ენა, დაინტერესდა ბიოლოგიით, ბუნებით და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის თეორიებით.

პარიზში ყოფნისას კანდინსკიმ უფრო რბილი, პასტელური და შერეული ტონების გამოყენება დაიწყო, რასაც პარიზს და მისი ღამის განათების უნიკალურობას მიაწერდა.

"Le rond rouge" საჯაროდ გამოფენილი იქნება Christie’s-ის ლონდონის სააუქციონო სახლში 2026 წლის 25 თებერვლიდან მარტში აუქციონის ჩატარებამდე.

Artsy-ის ბოლო სამი წლის მონაცემების თანახმად, საშუალოდ წლიურად კანდინსკის 27 ნამუშევარი იყიდება, ნახატების საშუალო ფასი კი $1 მილიონია.

Murnau mit Kirche II

კანდინსკის აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარია მურნაუ ეკლესიით II (Murnau mit Kirche II), 1910 წელს შესრულებული ნახატი აუქციონზე 2023 წელს გაიყიდა, ნახატის საბოლოო ღირებულებამ 37 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც $50 მილიონს უდრის. ნახატი თავდაპირველად ბერლინელი სტერნების ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა, როგორც ბევრი სხვა შედევრი, ნახატი ოჯახმა ნაცისტური რეჟიმის დროს დაკარგა, როდესაც გერმანიიდან გაქცევა მოუწიათ. ნახატი ოჯახს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები