კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაანონსებული $6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება, ქართულ დეველოპერულ ბაზარს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
bmg-თან საუბრისას წულაია ამბობს, რომ უმსხვილესი კომპანიის შემოსვლა საერთაშორისო კლიენტების რაოდენობას, კონკურენციას და ფასებს გაზრდის წინაპირობა გახდება.
კითხვაზე, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ მემორანდუმის რეალურ ინვესტიციად გადაქცევა, წულაია ამბობს, რომ „ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს.“
„დიდი კონკურენტი როცა შემოდის კონკურენცია იზრდება და შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ხომ არ გადაყლაპავას ეს ადგილობრივ ბაზარს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ პირიქით მოხდება.
კარგად ვიცნობ ამ ბაზარს და თავად კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, წლიურად $12-15 მლრდ-ის უძრავ ქონებას ყიდის და ეს ნიშნავს, რომ მისი უამრავი კლიენტი გადმოერთვება საქართველოში. რა თქმა უნდა ლოკალური მომხმარებლებიც იყიდიან ბინებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი შემოსვლა ბევრ უცხოელ კლიენტს მოიზიდავს და ეს პოზიტიურ ეფექტის იქონიებს ადგილობრივ დეველოპერებზეც. სადაც შევიდა ყველგან ასე მოხდა, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასები გაიზარდა 2-3 წელიწადში. ასე რომ მე იმას კი არ ველი, რომ ადგილობრივ ბაზარზე კანიბალიზაცია მოხდება, არამედ პირიქით გაიზრდება კლიენტების რაოდენობა, ტრანზაქციები და ფასები.
ჯერ ქვეყნისთვის რამხელა საქმეა რომ ასეთი ინვესტიცია იდება ასეთი კომპანიის მხრიდან, მსგავს მასშტაბის მე არ მახსენდება რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყო.
საამიროების პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ჩართულია კომპანიის CEO, თვითონაც დიდი ენთუზიაზმით არიან გამსჭვალულები, რა ვიცი აბა ხომ არ მსახიობობენ? პირიქით, ამხელა ხალხია ჩართული, მემორანდუმი გვაქვს. მე მგონია რომ ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს ილია წულაია.
ინფორმაციისთვის,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს.
EMAAR ჯგუფის შვილობილ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, 27 იანვარს გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას თბილისსა და გონიოში გულისხმობს.