რეპერმა კანიე უესტმა (YE) სანკტ-პეტერბურგში ორი გაუქმებული კონცერტისთვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი მიიღო - ამის შესახებ რუსული ბიზნესგამოცემა "კომერსანტი" საქმის კურსში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
"ეს არ არის მისი სუფთა ჰონორარი: ეს თანხა ასევე მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა მისი პერსონალის ანაზღაურება", - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, უესტი ორგანიზატორებისთვის ფულის დაბრუნებას არ აპირებს, რადგან კონტრაქტი ამას არ ავალდებულებს.
სააგენტო Say Agency-ს ხელმძღვანელმა ანა სუბჩევამ, რომელიც ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდა, "კომერსანტს" განუცხადა, რომ მის კომპანიას "არცერთი კანონი" არ დაურღვევია. მისი თქმით, კონცერტების დაანონსების შემდეგ მის კომპანიას, თავად მას და უესტს კონკურენტების მხრიდან ნეგატივის ტალღა დაატყდათ თავს, რასაც მხარი მედიამაც დაუჭირა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კონცერტები სხვა თარიღებში ჩატარდეს, სუბჩევამ უპასუხა: "ვნახოთ".
კანიე უესტის გამოსვლა სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" 10 და 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. კონცერტების გამოცხადების შემდეგ, რუსმა კანონმდებლებმა და ომის მომხრე აქტივისტებმა რეპერის რუსეთში ვიზიტის გამო უკმაყოფილება აქტიურად გამოხატეს. კონცერტების გამართვისა თუ გაუქმების საკითხი კრემლშიც კი განიხილებოდა.
ერთი კვირის წინ Say Agency-მ შოუების გაუქმების შესახებ გამოაცხადა, რუსული კონცერტები კი უესტის საგასტროლო განრიგიდან გაქრა. იმავე დღეს "კომერსანტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ Say Agency-ს წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით შემოწმება დაიწყო. შეგროვებული მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ცენტრალურ აპარატს გადაეცემა, რომელიც გადაწყვეტს, არსებობს თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.
შემოწმების დაწყების მიზეზი სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატის მიმართვა გახდა, რომელსაც ბილეთების მყიდველებმა შესჩივლეს. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ გაყიდვების პირველ ორ დღეში 100 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა, რომელთა ფასიც 9 000-დან 160 000 რუბლამდე მერყეობდა. კონცერტების გაუქმების შემდეგ მათ თანხის დაბრუნების პირობა დადეს.
























