შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
უწყების თანახმად, შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
"საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება",- წერია განცხადებაში.
დღეს, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში კი სოლიდარობის დემონსტრაციებია დაგეგმილი.




























