კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ სახლში.
„ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან და დაავადებასთან ბრძოლის. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ადამიანის ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება. ამაზე დაყრდნობით რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ.
ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, 209 ქვეყანაში... თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში და მივცეთ ჩვენს მღვდელმთავრებს საშუალება, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.




























