მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას შეაფერხებს - მეღვინე

იაგოს ღვინო

რა საფრთხეებს აჩენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება და შეუმცირებს თუ არა კანონის ამოქმედება ბიზნესებს, მცირე თუ საშუალო წარმოებებს დაფინანსებას? – ამ შეკითხვით იმ კომპანიებს მივმართეთ, რომლებსაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან გრანტი თუ სხვა ხელშეწყობა მიუღია.

ხელისუფლების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერის პროექტები და ცოდნა, რომელსაც საქართველო დასავლეთიდან სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამებით იღებს - ჩვენი რესპონდენტები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მიიღებს ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების შესრულებას ზიანი მიადგება.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედება საწარმოებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს დაფინანსებას, ეს კი თავის მხრივ კომპანიების გაფართოებას, საექსპორტო ბაზრების ათვისებას და მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეაფერხებს.

მეღვინეობა „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი bm.ge-სთან ამბობს, რომ საფრთხე რეალურია და კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის პროცესში შემაფერხებელი იქნება.

„მეღვინეობაში საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი ძალიან დიდია, იქნება ეს USAID თუ სხვა დონორი ორგანიზაცია. არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ჩამოთვლა ღირს, თუ არა რადგან შეიძლება ძალიან ბევრი გამომრჩეს.

შეაფერხებს თუ არა ჩვენს თანამშრომლობას ეს კანონი? - კი. ეს მხოლოდ მე არ მგონია, თვითონ იძახიან საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისად, საფრთხე კანონის მიღების შემთხვევაში რეალურია. ამიტომ არის ბევრი ადამიანი კანონის წინააღმდეგი.

ვთვლი, არ არის ამ კანონის მიღება ამ ეტაპზე აუცილებელი, ასეთი ფორმით. ჩვენი მეგობრები, რატომაც არიან მეგობრები, ძალიან დიდი წვლილი და ამაგი აქვთ ჩვენთვის, ეს იქნება შემაფერხებელი ჩვენი მომავალი თანამშრომლობისთვის“ - ამბობს მეღვინე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე მუშაობს. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან.

ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

კიდევ უფრო უკეთ, რომ განვმარტოთ, ფაქტობრივად ყველა, პირობითად USAID-ის მიერ დაფინანსებული კომპანია და - ასეთი ვიცით, რომ ბევრია, უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს, რა თქმა უნდა, თუ დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორი ორგანიზაციიდან იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები