მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კანონი უკვე ძალაში შედის და კითხვები, რაც აქამდე გვქონდა, ისევ ღიაა" - დამსაქმებელთა ასოციაცია

შურღაია

დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ შურღაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში უცხოელთა დასაქმება ზეგიდან იზღუდება, კერძო სექტორს კვლავ აქვს კითხვები, რომლებსაც პასუხი არც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ გაეცა.

"ჩვენი მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის მნიშვნელოვანი კითხვები იყო პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბუნდოვანება, რომელიც გვქონდა, დროებით კიდევ ნარჩუნდება. მინისტრისგან გამოითქვა მზაობა, რომ შევხვდებით და უფრო დეტალურად განვიხილავთ. ანუ, გვექნება სამუშაო შეხვედრების საშუალება და ველოდებით ამას.

კანონი შედის ძალაში უკვე პირველ მარტს. ფაქტობრივად ის კითხვები, რაც ეხებოდა დირექტორებს, პარტნიორებს, ღიაა, მათ შორის იმაზეც, გარდამავალ პერიოდში არსებული რეგულაციები როგორ უნდა მოქმედებდეს. ღიაა კითხვები არსებულ პროექტებს როგორ შეეხება უკვე დასაქმებულ პირებთან მიმართებით. მოუწევთ თუ არა მათ თავიდან შერჩევის პროცედურის გავლა, თუ შესაძლებელი იქნება მათთან ურთიერთობის გაგრძელების მექანიზმის ამოქმედება და ა.შ." - ამბობს ვახტანგ შურღაია.

მისივე თქმით, წინასწარ იმის განსაზღვრა, შეიქმნება თუ არა კურიერების, ტაქსის მძღოლებისა და გიდების დეფიციტი ან გაძირდება თუ არა მათი მომსახურება, რთულია.

ამასთან, შურღაიას თქმით, დამსაქმებელთა ასოციაციას კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

"როდესაც ეს ნულოვანი კვოტები იქნა შემოღებული, ჩვენ არ გვინახავს ციფრები - რამდენი კურიერი, რამდენი ტაქსის მძღოლია დასაქმებული. შესაბამისად, რთულია საუბარი იმაზე, რა შედეგს გამოიწვევს აღნიშნული უშუალოდ ამ დარგებთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ერთი-ორი თვის ვადაში ყველაფერი გამოჩნდება, რამდენად იქონიებს გავლენას, ექნებათ თუ არა დეფიციტი კადრების და გვექნება თუ არა ფასების ზრდა ამ კონკრეტულ სფეროებში.

აღსრულების მექანიზმები ერთგვაროვანია ასეთი ტიპის დადგენილი რეგულაციებისთვის. ჩვენ არ ველოდებით ამასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულს. შესაბამისად, თუ იქნება პოლიციის ან უშუალოდ შრომის ინსპექციის მხრიდან გამოვლენილი შემთხვევა, ის აღსრულდება. მაგიტომაც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროც პროცესში, მათ უფრო მეტი კონტროლი შეუძლიათ, თუნდაც გიდების და კურიერების შემთხვევაში", - ამბობს ვახტანგ შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები