მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღება წარმოშობს უკიდურეს რისკს, დაზიანდეს პარტნიორებთან ურთიერთობა და ევროპული ინტეგრაცია - PMCG "რუსულ კანონზე"

სს
30.04.24 20:55
141

PMCG კვლევითი ცენტრი "რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც განცხადებაში წერია, ამ კანონის მიღება წარმოშობს უკიდურეს რისკს, დაზიანდეს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და ევროპული ინტეგრაცია.

Bm.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კიდევ ერთხელ ინიცირებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მისი თუნდაც განხილვა, უკიდურესად საზიანოა ქვეყნისთვის. თანმდევმა დაპირისპირებამ უკვე გამოიწვია უფრო მეტი პოლარიზაცია, სტიგმატიზაცია და უნდობლობის გაჩენა როგორც თავად საზოგადოებაში, ასევე, პარტნიორების მიმართ, რომლებიც მუდმივად ჩვენ გვერდით დგანან ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის მშენებლობისა და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის სრულად მიზანშეუწონელი ჩვენს სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს სჯერათ და იცავენ კანონის უზენაესობასა და გამჭვირვალობას, და სადაც უკვე არსებობს საკმარისი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები იურიდიული პირების მიერ საქმიანობის კანონიერად წარმართვის უზრუნველსაყოფად. ეს კანონი ხელს შეუწყობს არა გამჭვირვალობას, არამედ უცხოური აგენტურის იარლიყის მინიჭების მრავალწლიან ჩაკეტილ წრეში ტრიალს.

კატეგორიულად მიუღებელია “უცხოური გავლენის” სუბიექტის სტატუსის მინიჭება ათი ათასობით პატრიოტი ადამიანისთვის, რომლებიც საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ და, უმეტეს შემთხვევაში, სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებულ პროექტებსა და საქმიანობებში არიან ჩართულნი. ისინი დაუღალავად მუშაობენ განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალურ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე და მაღალ პროფესიულ დონეზე ცდილობენ ქვეყნის დაახლოებას უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამ კანონის მიღება წარმოშობს უკიდურეს რისკს, დაზიანდეს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და ევროპული ინტეგრაცია, და გამოიწვიოს ქვეყნის იზოლაცია. ამ რისკის გათვალისწინებით, აღნიშნული კანონი მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლანდელი გადმოსახედიდან ჩანს ეროვნული თანხმობის, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, დემოკრატიის ინსტიტუტების, განათლების დონის ამაღლების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი სფეროების კუთხით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პროცესი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები