მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანონის სისუსტეა, რომ სადა შეფუთვის რეგულაცია თამბაქოს ყველა პროდუქტს არ ფარავს - საქართველოში WHO-ს წარმომადგენლობა

სიგარეტი

რამდენიმეჯერ გადავადების შემდეგ თამბაქოს ინდუსტრიაში სადა შეფუთვის რეგულაცია ამოქმედდება.

2025 წლის 1 აპრილიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზედაც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ბაზრის რეფორმირების პროცესში საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაეხმარა. WHO-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლის თქმით, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 6 წლის დაგვიანებით შედის ძალაში, არსებული კანონი კი მისი პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით გაცილებით სუსტია და ბიზნესის მხრიდან გარკვეული მანიპულაციების შესაძლებლობას უშვებს.

„ეს რეგულაცია 2018 წელს უნდა შესულიყო ძალაში. ამხელა მოსამზადებელი პერიოდი არ იყო საჭირო და ეს იყო ხელოვნურად გადავადებული. ამის შინაარსი არის ის, რომ თამბაქო როგორც მავნე, ფატალური პროდუქტი არ შეიძლება იყოს შეფუთული ისეთ კოლოფებში, რომელიც მის რეკლამირებას ახდენს. კოლოფები აქტიურად არის გამოყენებული თამბაქოს ინდუსტრიის მიერ იმისთვის, რომ მიიზიდოს განსაკუთრებით ახალგაზრდები. ეს კოლოფები ათასგვარი რეკლამის საშუალებად იყო ის ქცეული.

დაგვიანებით შედის ძალაში ეს რეგულაცია, თუმცაღა შედის შესუსტებული. ფაქტობრივად პირველადი დოკუმენტიდან დაჩენილი არის არსებითად მხოლოდ ფერის რეგულირება, იმის შესაბამისობით რაც საერთაშორისო სტანდარტით არის, თუმცა ძალიან დიდი სისუსტე დღევანდელი კანონმდებლობის არის ის, რომ ის არ ფარავს თამბაქოს ყველა პროდუქტს. მაგალითად, გასახურებელ თამბაქოს, ელექტრონულ სიგარეტებს, სიგარებს, საღეჭ თამბაქოს და სხვა თამბაქოს სახეობებს. ის ფოკუსირებულია ტრადიციული თამბაქოს სახეობებზე და იძლევა დიდ შესაძლებლობებს კოლოფის ფორმის და ზომებთან მიმართებით.

ასევე პატარ-პატარა მანიპულაციის საშუალებას იძლევა და ყველა ეს დეტალი გამოყენებული იქნება ინდუსტრიის მიერ პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, თუმცა სულ არაობას სჯობს ნამდვილად, რადგან ეს რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ დაუკარგოს მიმზიდველობა თამბაქოს პროდუქტებს, მოახდინოს მოსახლეობის დაცვა შეცდომაში შემყვანი რეკლამირებისგან, ასევე გაზარდოს სამედიცინო გაფრთხილებების ეფექტი. ეს პრაქტიკაშია არის დადასტურებული“,- აცხადებს კახა ღვინიანიძე, WHO-ს საქართველოს ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ცნობით, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 42 ქვეყანაში უკვე მოქმედებს ან მზადაა იმისთვის, რომ თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით აღნიშნული კანონმდებლობა გააჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები