პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ვალდებულების გადავადებას ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, კერძო სექტორისთვის ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით განთავსების ვალდებულება რეგულაციის რამდენჯერმე გადავადების შედეგად მიმდინარე წლის 31 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა იმის გამო, რომ დარგი ვერ გადაეწყო, დარგობრივი კომიტეტი ცვლილებების 1 ოქტომბრამდე გადავადებას ითხოვს.
„გამკაცრებული რეგულაციები 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად ამოქმედდება 1 ოქტომბრიდან. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ე.წ გარდამავალი პერიოდი, კერძოდ 2025 წლის 1 მარტამდე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის დღეს არსებული ფორმით შემოტანა და 2025 წლის 1 აპრილამდე მისი რეალიზაცია.
ეს გადაწყვეტილება დარგთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ, ჩართული იყო ბიზნესომბუდსმენიც, დარგის წარმომადგენლები და რიგი ვითარებებიდან გამომდინარე, მათ შორის გეოგრაფიულად ჩვენს ირგვლივაც საიდანაც იყვნენ ძირითადი შემომტანები და მწარმოებლები კიდევ ვერ მოახერხეს ადაპტაცია ამ რეგულაციასთან და გვთხოვეს გადავადება. ვინაიდან ვითვალისწინებთ როგორც დარგობრივი კომიტეტი იმ სულისკვეთებასაც პირველ რიგში, რომ აკრძალვები გვაქვს დაწესებული, აკრძალულია რეკლამა და ა.შ მივიღეთ გადაწყვეტილება და წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომ კიდევ გადავუვადოთ რამდენიმე თვით“, - განმარტა დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი განმარტებით, თამბაქოს ნაწარმზე შესაძლებელი იქნება პროდუქტის მიკვლევადობის ნიშნის დატანა. კოდის დასკანერება სპეციალური მოწყობილობით იქნება შესაძლებელი, რომელზე წვდომაც მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს და პროდუქტის მწარმოებლებს აქვთ.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებაა, ის, რომ ბრენდისა და ლოგოს დატანა თამბაქოს ღერზე აღარ აიკრძალება.
„შესაძლებელი იქნება სიგარეტის ღერზე ბრენდის და სახელის, წარწერის, ლოგოს, სავაჭრო ნიშნის დატანა. ესეც აკრძალული გვქონდა, ახლა ღერზე ვუშვებთ. შეიძლება შეფუთვაზე არა, მაგრამ ღერზე იყოს. ამაზეც იყო დარგის მხრიდან პოზიცია, რომ მიკვლევადობას გააუმჯობესებს და ფაქტობრივად შეუძლებელიც იყო გადაწყობა“, - განმარტა დეპუტატმა.
ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით, "აიქოსზე", სიგარაზე, დასაღეჭ თამბაქოზე, ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და რომელიც განკუთვნილი არ არის ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად, სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილების დატანა, ხოლო პიქტოგრამის დატანის ვალდებულების განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მთავრობის ნორმატიული აქტით.
სადა შეფუთვის რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება.