მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების 2025 წლის აპრილამდე ნაწილობრივ გადავადებას მხარი დაუჭირა

თამბაქო

საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე სადა შეფუთვის ვალდებულება 2024 წლის 31 ივლისს ამოქმედდება. ამ თარიღის შემდეგ ბაზარზე თამბაქოს ნაწარმი უნიფიცირებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს ბაზარზე. თუმცა, პარლამენტში დარეგისტრირებული ახალი კანონპროექტით ეს თარიღი ნაწილობრივ შეიცვლება და დადგინდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება როგორც სადა შეფუთვის, ასევე ძველი დიზაინის კოლოფები, ხოლო 2025 წლის პირველი აპრილიდან მხოლოდ სადა შეფუთვის ნაწარმი იქნება განთავსებული.

საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, რომელმაც კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე წარადგინა. განხილვის შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

“წარმოდგენილი ცვლილებით 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული, რაც თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ საკუთარი პროდუქტის (საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთავსებული) სრულად რეალიზაცია,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საპარლამენტო კომიტეტმა დღესვე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ სადა შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის დასახელება მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, თუმცა კანონპროექტის ავტორების შეფასებით, მწარმოებლებს ბრენდის სახელის ლათინური ანბანით დატანის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, ამიტომაც კანონში შესაბამისი ცვლილებაც უნდა შევიდეს.

“კანონის პროექტით იცვლება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები. ცვლილების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (გარდა კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც გასახურებული თამბაქოს შეფუთვაზე აღარ გავრცელდება კანონის 5¹ მუხლით განსაზღვრული რეგულაციები,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები