მიკვლევადობის ნიშანი არის ციფრებისა და ნიშნების კომბინაცია, რომლის მიზანიც არის სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით შესაბამისმა ოფიციალურმა უწყებებმა ამოიცნონ პროდუქტი რომელ ბაზარზე განსათავსებლად არის განკუთვნილი. მიკვლევადობის ნიშანი არ არის ე.წ. QR კოდი და მომხმარებელს მისი ამოცნობა ან დასკანერება არ შეუძლია მობილური ხელსაწყოთი.
ევროდირექტივის თანახმად, 2019 წლიდან წვად სიგარეტზე მიკვლევადობის ნიშნის დატანა სავალდებულო გახდა, ხოლო 2024 წლიდან გაფართოვდა თამბაქოს ნაწარმის ის კატეგორიები, რომელზეც აღნიშნული ვალდებულება გავრცელდა. მიკვლევადობის ნიშნის დატანა გავრცელდა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე წარმოებულ, ასევე ევროკავშირის ბაზრისთვის განკუთვნილ თამბაქოს ნაწარმზე. აღნიშნული მექანიზმი არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარედ გამოიყენება. დირექტივის მიხედვით, მიკვლევადობის ნიშანი მოიცავს:
- წარმოების თარიღი და ადგილი;
- საწარმოო ობიექტი;
- დანადგარი, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის დასამზადებლად;
- წარმოების ცვლა ან დამზადების დრო;
- პროდუქტის აღწერა;
- რომელ ბაზარზე გასაყიდადაა გამიზნული;
- გადაზიდვის მარშრუტი, თარიღი და დირექტივით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.
ევროდირექტივის შესაბამისად, საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე მიკვლევადობის სპეციალური ნიშანი დასაშვები იქნება - ამას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ ნორმებს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტულ (სადა შეფუთვას) გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვალა ის ვადებიც, რომლებშიც საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს. კომპანიებს ახალი მოთხოვნის მიხედვით, ნაწარმის სადა შეფუთვით იმპორტი 2025 წლის 1 მარტიდან დაევალებათ.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი თამბაქოს ნაწარმზე მიკვლევადობის ნიშანი არ განთავსდებოდა, მაშინ საქართველოში ევროკავშირიდან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ვეღარ გაგრძელდებოდა, რადგან თავად EU-ს მწარმოებლებს ევალებათ შეფუთვაზე დაიტანონ აღნიშნული ნიშანი.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ $159 მილიონი დოლარის თამბაქოს ნაწარმი შეიძინა, 2024 წლის პირველ 5 თვეში კი იმპორტმა 52.1 მილიონი დოლარი შეადგინა.