მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონმდებლობა დაიხვეწა" - SARAS-ი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

აუდიტი
08.07.24 17:16
232

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში და მის თანმდევ, "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

SARAS-ის თანახმად, მიღებული ცვლილებები ანგარიშგება-აუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანია და შედეგად, მოხდა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება. ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რა გამოწვევებს პასუხობს მიღებული ცვლილებები.

"ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმამ, სამართლებრივი დაახლოების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება მოითხოვა.

სამსახური, რეფორმებს ეტაპობრივი და დინამიკური დაახლოების კვალდაკვალ წარმატებულად ახორციელებს, თუმცა პრაქტიკის ანალიზის შედეგად, საკანონმდებლო ნორმების გადასინჯვა დადგა დღის წესრიგში. ეტაპობრივი დაახლოებისა და უკვე დანერგილი ევროკავშირისა და საბჭოს დირექტივებსა და რეგულაციებთან შესაბამისი ნორმების აღსრულების მიზნებისათვის, შესაბამის ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე საკითხი გამოიყო საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ქვეყანაში ანგარიშგება-აუდიტის სფეროს შემდგომი რეფორმირების მიზნებისათვის.

2023 წელს, სამსახურის წარმომადგენლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის შეხვედრაზე ბრიუსელში ვიზიტისას, გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მიღებული რეკომენდაციებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების ინიციირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა - აუდიტორული ფირმებისათვის გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის გასაჯაროების ვალდებულების შემოღება. კერძოდ, განისაზღვრა, რომ აუდიტორული ფირმა, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევს სდპ-ს (საზოგადოებრივად დაინტერესებულ პირებს), ვალდებული იქნება თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში, ხოლო გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს სამსახური. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორის დამოუკიდებლობა არის აუდიტის მნიშვნელოვანი პრინციპი და სავალდებულოა შემოწმების პროცესში აუდიტორი იყოს ყოველგვარი ზეგავლენისაგან დაცული, მიზანშეწონილად ჩაითვალა სამართლებრივად მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუდიტორების მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების გამკაცრება. ვინაიდან, აუდიტორის დამოუკიდებლობა ეჭვს იწვევს, თუ აუდიტორი პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში იმყოფება აუდიტირებულ პირთან, რისკების პრევენციისათვის, (EU) No 537/2014 რეგულაციაზე დაყრდნობით, აუდიტორული ფირმებისათვის აიკრძალა არააუდიტორული ისეთი მომსახურებები, რომელიც პირდაპირ უქმნის დამოუკიდებლობის საფრთხეებს სდპ-ებისათვის მომსახურების გამწევ პირებს. რეგულაციით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ხელს შეუწყობს რეფორმას, აუდიტორების მხრიდან დაცული იქნეს დამოუკიდებლობა სდპ-ებისათვის აუდიტორული მომსახურებების განხორციელებისას.

დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკებიდან და გარიგების შესრულების მაღალი ხარისხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ასევე, სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგების ეფექტურობის გაზრდის მიზნით საჭირო გახდა განხორციელებულიყო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ დაწესებულიყო ისეთი შემზღუდველი ნორმები, რაც გარიგების პარტნიორს აღარ მისცემდა შესაძლებლობას საფრთხე შეექმნას მის დამოუკიდებლობას და ასევე, გააუარესოს გარიგების შესრულების ხარისხი. ბოლო წლებია ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია აუდიტის რეფორმის დახვეწაზე და გარიგების პარტნიორთა მუდმივი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებად იქცა. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.

საკანონმდებლო ცვლილებით აუდიტორულ ფირმებს ასევე წარმოეშვათ ვალდებულება, რომ მათი ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs). კანონის დღემდე არსებული რედაქციით, თუ რომელ სტანდარტებთან უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში აუდიტორული ფირმების ანგარიშგება, განპირობებული იყო იმით, თუ რომელი კატეგორიის სუბიექტის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა აუდიტორული ფირმა. საკანონმდებლო ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საგამონაკლისო ნორმა, სამსახურის მიერ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების არგამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არ გავრცელდეს აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც არიან მეოთხე კატეგორიის საწარმოები და მათი ანგარიშგებები კანონით განსაზღვრული წესით გამოქვეყნდეს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამსახურის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის/დოკუმენტების ჩაუბარებლობა სუბიექტების და აუდიტორების მხრიდან. მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამსახურის მხრიდან გაგზავნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საწარმოებისა და აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ ჩაბარების საკითხი. კანონის ახალი რედაქციით მოწესრიგდა აღნიშნული გამოწვევა და მისი ჩაბარება უფრო ეფექტიანად - ელექტრონულად, სამსახურის ვებგვერდზე (სუბიექტის შემთხვევაში ანგარიშგების ვებგვერდზე) გასაჯაროების გზით განხორციელდება, რაც კიდევ უფრო შედეგიანს გახდის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების საკითხს.

საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება ასევე განპირობებულია ანგარიშგების წარუდგენლობის, როგორც განმეორებადი სამართალდარღვევის და რეფორმასთან არაერთგზის წინააღმდეგობრივი ქმედების აღკვეთის მიზნებით - წარუდგენლობის ფაქტის ორ უწყვეტ საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებით განმეორებადობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების ერთ-ერთი მიზეზია, კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის გამოსაყენებელი სანქციების სახეებთან და ოდენობებთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტების საჭიროება და სანქციის შეფარდების კუთხით სამსახურის აღჭურვა დისკრეციული უფლებამოსილებით - გარემოებების შეფასებით შეუფარდოს სანქცია სამართალდამრღვევ სუბიექტებს. საკანონმდებლო ცვლილება ასევე ქმნის შესაძლებლობას, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სამსახურმა დაიტოვოს უფლებამოსილება არ გამოიყენოს ფულადი ჯარიმა 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებებისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება (ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის) ითვალისწინებს მიღებულ იქნას შესატყვისი სტანდარტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ფულის გათეთრებაზე ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და მისი მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს და ამასთან, სავალდებულოა აღმოიფხვრას ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval)-ის მიერ დადგენილი ნაკლოვანება შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით - ახალი საკანონმდებლო ცვლილებით ნასამართლობის არქონასთან დაკავშირებული ნორმები, გარდა აუდიტორებისა გავრცელდება ასევე "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებულ სხვა ანგარიშვალდებულ პირებზე (სერტიფიცირებულ ბუღალტერზე, პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერზე, საბუღალტრო და აუდიტორულ ფირმაზე).

კანონპროექტის მიღებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ანგარიშგება-აუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით და საქართველოს კანონმდებლობა დაიხვეწა და დაუახლოვდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები