მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - სექტორის შეფასება

nexia

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და დეპუტატები მას განიხილავენ. ცვლილებების ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებზე „საქმიანი დილის“ ეთერში NEXIA Georgia-ს აუდიტის მენეჯერმა, პაატა შარაბიძემ ისაუბრა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც შარაბიძემ ხაზი გაუსვა, გარიგების პარტნიორების რეგისტრაციის ვადებია.

„კანონპროექტის მიხედვით იცვლება რეგისტრაციის წარმოების ნაწილი უშუალოდ ფიზიკური პირებისთვის, ვინც გარიგების პარტნიორია. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარიგების პარტნიორები, რომლებსაც ახალი კანონპროექტის მიხედვით ეკრძალებათ მუშაობა პარალელურად და უფლებამოსილება აღარ გააჩნიათ იმუშაონ სხვადასხვა კომპანიებში. ასევე, მათ არ შეეძლებათ მუშაობის პარალელურად განახორციელონ ინდივიდუალურად, ცალკე სამუშაოები. ინტერესთა კონფლიქტი ცალსახად არის და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, დამოუკიდებლობის კუთხით გარიგების პარტნიორს თავისი ეთიკის კოდექსი იცავს და ის პასუხისმგებელია დამოუკიდებლობაზე, მაგრამ მაინც არსებობს საფრთხეები. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, აუდიტორულ კომპანიებს შორის მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების გაბნევა და ა.შ. ანუ, ის რაც ეთიკის კოდექსი არეგულირებდა, კანონში აისახება და ვფიქრობ, ცვლილებები დადებითისკენ მიდის“, - განაცხადა შარაბიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ კომპანიებს აქვთ შეზღუდვები ინტელექტუალური საკუთრების გადინებისა, მაინც არსებობს რისკი, პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის გადინება, რასაც ასევე დაარეგულირებს კანონი.

„კიდევ ერთი ნაწილი არის ფასი, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოს კომპანიებს. შეიძლება ფასთან მიმართებით იყოს დარტყმა. ინდივიდუალურად მოთამაშე გარიგების პარტნიორებს შეზღუდვები უწესდებათ, რის შემდეგაც შესაძლებელია, აუდიტორულ კომპანიებსაც მოუწიოთ ფასების კორექცია. არ ვიცი ჯერ, თუმცა ამ ეტაპისთვის შეიძლება ეს გარემოება დადგეს.

ყურადღება მისაქცევია რეგისტრაციის ფორმა, გლობალურად, საუბარია, რომ როცა პირს სურს ინდივიდუალური გარიგების პარტნიორი გახდეს, ვადებთან მიმართებით, კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი. ვადებს რაც შეეხება, აუცილებელია არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორის მხრიდან. აქ შემოდის ახალი რეგულაცია, ის კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელიც საზედამხედველო სამსახურში ახორციელებს ხარისხის მართვის მონიტორინგს, მას შეუძლია დარეგისტრირდეს და ეს გაწეული სამუშაო 3-წლიანი მუშაობის გამოცდილებად ჩაითვალოს. აქაც, შეიძლება ინტელექტუალური საკუთრების გადინების პრობლემა იყოს. შემოდის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომ მე, პირს, რომელიც ვმუშაობ საზედამხედველო სამსახურში, არაუადრეს 6 თვისა, მაქვს საშუალება განვახორციელო აუდიტორული გარიგება და გავხდე გარიგების პარტნიორი. აქაც უკვე ვადებზე რისკებია, გამოდის, რომ რამდენად დამოუკიდებელი ვარ მე როგორც გარიგების პარტნიორი, უშუალოდ ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ მგონია, რომ აქ კანონპროექტში ვადებთან დაკავშირებით უნდა იყოს ცვლილება შეტანილი“, - განაცხადა აუდიტორმა.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტით შემოდის შეზღუდვა არააუდიტორული მომსახურების ნაწილშიც.

„ცვლილების თანახმად, აუდიტორულ ფირმებს SDP-ს აუდიტისათვის განხორციელების კუთხით, პარალელურ რეჟიმში მას არ შეუძლია მოემსახუროს და გაუწიოს აუდიტორული მომსახურება. მათ შორის როგორიც არის საგადასახადო და ბუღალტრული მომსახურება და ა.შ. ეს გარკვეულწილად რეგულირდებოდა ჩვენი ეთიკის კოდექსის მიხედვით, თუმცა ახლა შემოდის კანონში”, - აღნიშნა შარაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები