მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეთანხმების ინსტრუმენტი არაა ცუდი, მაგრამ საფრთხილოა - გელა მღებრიშვილი

გელა მღებრიშვილი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საგადასახადო შეთანხმების ინსტრუმენტი არაა ცუდი, მაგრამ მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტით Nexia Georgia-ს კლიენტებსაც უსარგებლიათ.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების პროცესი გამჭვირვალე არ არის. არსებული პრაქტიკით, გადასახადის გადამხდელი შეთანხმების გაფორმების თხოვნით, განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უცნობი რჩება, რომელ კომპანიას რა მოცულობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა ან შეუმცირდა.

გელა მღებრიშვილს მიაჩნია, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების არსებული მოდელი კვაზია, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს ინსტრუმენტი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

"ეს ინსტრუმენტი გადასახადის გადამხდელ სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც უნდა არსებობდეს, რადგან ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საგადასახადო სუბიექტს შეცდომით ერიცხება დავალიანება... ამდენად, საჭირო ინსტრუმენტია, მაგრამ მის გამოყენებას სიფრთხილე სჭირდება, ვინაიდან ძალიან ძნელია ოქროს შუალედი გაავლო საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისას, როდის შეიძლება ითქვას „კი“ და როდის - „არა“. ერთ-ერთი ვარიანტია, მაგალითად, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმება გაუფორმოს კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ იქ ადამიანები დაუსაქმებლები რჩებიან და ა.შ.“, - ამბობს გელა მღებრიშვილი.

მთავრობა საგადასახადო შეთანხმებების შესახებ რეფორმას ჯერ კიდევ 2020 წლიდან აანონსებს. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2020 წელს გაჟღერდა, ეწერა: „გადაიხედება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა − მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო დიალოგის დაწყება, რომელიც შეაფასებს საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მიზანშეწონილობას კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეკონომიკაზე ზეგავლენის მიმართულებით. ასევე, გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს მეწარმეებს, ისარგებლონ თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით და ასევე უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები