მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას პირდება "ოცნება" მოსახლეობას - სამთავრობო პროგრამის სრული ტექსტი

5fe489553259b
BM.GE
24.12.20 16:30
968
ამჟამად საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისთვის სხდომა იმართება. მთავრობის 4-წლიანი პროგრამის სახელია "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის", 47-გვერდიანი დოკუმენტის მთავარი განაცხადი 2024 წლისთვის საქართველოს მიერ EU-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის გაკეთებისთვის მზადებაა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ამ მიზანს "სწრაფი ეკონომიკური ზრდით" უნდა მიაღწიოს, თუმცა ამ დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რას მიიჩნევს მთავრობა სწრაფ ზრდად. 

სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“

ხედვა

საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა ეფუძნება მთავარ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს − თავისუფლებას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას.

ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა კრიზისმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველო, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად. პანდემიამ გავლენა იქონია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე.

შესაბამისად, 2021 − 2024 წლების სამთავრობო პროგრამის − „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, 2021 − 2024 წლებში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

• საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები − უსაფრთხოება ქვეყნის განვითარების საფუძველია. ქვეყნის ოკუპაციის, მზარდი საგარეო საფრთხეების პირობებში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი თავდაცვისუნარიანობის სისტემის, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სტრუქტურების ეფექტიანი ფუნქციონირება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის განუხრელი დაცვა. ამასთან, ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული ურთიერთკავშირების გაღრმავება ევროკავშირთან.
• ეკონომიკური განვითარება − მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი. ამოსავალი იქნება ბიზნესის პოსტკრიზისული სწრაფი აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილების შექმნა და უკიდურესი სიღარიბის დაძლევა. ამასთან, სახელმწიფო, მის ხელთ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისთვის დამატებითი სტიმულების შექმნას.
• სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება − სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური კაპიტალის, როგორც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორის, გაძლიერებას, სოციალური უზრუნველყოფის ღირსეული სისტემის განვითარებას, ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებასა და ეფექტიან მართვას და, პანდემიის მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ტექნოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული განათლების სისტემის უზრუნველყოფას.
• სახელმწიფო მმართველობა − ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოხელეები ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. კრიზისთან ბრძოლის ფარგლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას, რომელიც ხილული და ხელშესახები უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის.

1.1 საგარეო პოლიტიკა

უსაფრთხოების არსებული გარემოს პირობებში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ენიჭება. აღნიშნულ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.

ამასთან, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ახალი გამოწვევები. ამ ვითარებაში, საქართველოსთვის, ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ძლიერი დასავლური წარმომადგენლობით, შესაბამისი მოლაპარაკების ფორმატების ჩამოყალიბებას ემსახურება.
საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანა საერთაშორისო არენაზე, ისევე, როგორც პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება და გაძლიერებაა.

ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროაქტიურ და კონსტრუქციულ მონაწილეობას ფორმატის ეფექტიანი გამოყენებისთვის, რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრის მიზნით. პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე აღნიშნული ფორმატის აქტუალიზაციისთვის მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება, რაც აღნიშნულ ფორმატში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობის უზრუნველყოფასაც მოიცავს.

კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას გულისხმობს. რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძალების გაყვანა, არსებითი მნიშვნელობისაა. აღნიშნულის პარალელურად, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვან სამოქმედო მიმართულებას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიზნით, მისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის უზრუნველყოფა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამ მიმართულებით, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია და მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენება გაგრძელდება. პროაქტიურად წარიმართება მუშაობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე, სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურება პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულებაა.

ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია, არსებული რისკების პრევენციისა და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ქვეყნის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, რომლის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას ენიჭება. სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოს სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა, რათა ქვეყანა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის მიმზიდველი გახდეს. აღნიშნული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სახელმწიფოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარებას გულისხმობს.

პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ − ეფექტიანი განხორციელება. კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაშლასა და განვითარებას. გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი მობილიზებისთვის.

გაგრძელდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა მმართველ კომიტეტში (CDDH). 2021 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე და დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები. კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება და გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის კომპონენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით, ქვეყანა კიდევ უფრო გაააქტიურებს ინტეგრაციის დღის წესრიგის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაშია მოცემული. უპირველეს ყოვლისა, აქტიურად გაგრძელდება ასოციირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით.
ამასთან ერთად, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.

ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ისევე, როგორც სექტორული ინტეგრაცია, არსებითად გაღრმავდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას.

ევროკავშირთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) ფარგლებში ახალი შესაძლებლობების გამონახვასა და მათ ეფექტიან განხორციელებაზე. ამ კუთხით, აუცილებელი იქნება ასოციირებული პარტნიორების − საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის − ე. წ. ასოციირების ტრიოს შემდგომი გაძლიერება ევროინტეგრაციის საკითხებზე ერთმანეთში მაქსიმალური კოორდინაციის უზრუნველყოფითა და ერთიანი პოზიციების შემუშავებით.

მნიშვნელოვან სამოქმედო არეალს წარმოადგენს ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება. ყველა აღნიშნული აქტივობა ისევე, როგორც ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება, მთავარ ამბიციურ მიზანს − 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასა და შემდგომში კავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფას ემსახურება.
ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს. ამ მიზნით, მტკიცედ გაგრძელდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ასევე საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს ალიანსში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების (ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP), წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია) ეფექტიანად გამოყენებას. გაგრძელდება ნაბიჯების გადადგმა საქართველოში ნატოს მეტი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად (წვრთნები, სწავლებები და სხვ.).
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ასპექტს შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება ქმნის. საქართველო პოზიციონირებს როგორც ალიანსის სანდო პარტნიორი მის აღმოსავლეთ ფლანგზე და მზად არის, ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ აღნიშნული მიდგომის დასტურია ის გეგმა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის სტრატეგიული ხედვის შემუშავებას გულისხმობს. შესაბამისად, განხორციელდება შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინიციირება.

ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება. გააქტიურდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ისევე, როგორც აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით.

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა ძირითადი მიმართულებით (ე. წ. „სექტორული თანამშრომლობის კომპონენტი“) ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება. მთავრობის მიზანია აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოება და ამ მიზნით, შესაბამისი ახალი სამართლებრივი ჩარჩოინსტრუმენტის შეთანხმება. გააქტიურდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობა (დოკუმენტის საბოლოოდ მიღების მიზნით) ისევე, როგორც ძალისხმევა საქართველოში და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში, აშშ-ის მხრიდან ინვესტირების წახალისების მიზნით. განსაკუთრებულ სამოქმედო მიმართულებას აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაძლიერების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

არსებულ გარემოში საქართველოსთვის პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფო ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანასა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას უზრუნველყოფს. ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს, „ბრექსითის“ შემდგომ პერიოდში, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

რეგიონში დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებისკენ აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული. ვინაიდან, საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის აქტორის სტატუსით პოზიციონირებს, შავი ზღვის აუზის შესაბამის სახელმწიფოებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღნიშნულ კონტექსტში, შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირები ისევე, როგორც სექტორული თანამშრომლობა, გაღრმავდება.

უმნიშვნელოვანესი იქნება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გაგრძელება ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველზე.

აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონების მზარდი როლისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, აღნიშნულ რეგიონებში ქვეყნის პოლიტიკური ხილვადობის კიდევ უფრო გაზრდა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერების ხელშეწყობა შემდგომი სამოქმედო მიმართულებაა.

სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება.

დღეს არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხელშეწყობას საჭიროებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა. ამისათვის მნიშვნელოვანი იქნება, დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვისა და დიასპორული ინიციატივების წახალისების მიზნით, სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა და პროექტების გაგრძელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკვე დანერგილი პროექტების განხორციელებას, ასევე გაგრძელდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთათვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერების დაფუძნებისა და განვითარების მიზნით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა.

1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება

არსებული უსაფრთხოების გარემოდან და თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მობილური და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარებითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით.

გაგრძელდება ტოტალური თავდაცვის ელემენტების შემდგომი დანერგვა და მისი სამხედრო კომპონენტის განვითარება. თავდაცვის ძალების გაძლიერების პარალელურად, რომელიც, სხვა მიზნებსა და ამოცანებთან ერთად, ხუთ ძირითად პრიორიტეტს − საჰაერო თავდაცვითი, ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, სადაზვერვო (ISTAR) და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება − ეფუძნება, გაგრძელდება ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ამავდროულად, თავდაცვის ძალები მზად იქნება უზრუნველყოს ქვეყნის შიგნით სტიქიური და ტექნოგენური კრიზისების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.

ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში ქვეყნის ჩართულობა ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ხარჯების მინიმუმ მშპ-ის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნება, შემდგომშიც უზრუნველყოფილი იქნება. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა (GDRP), რომელიც მოიცავს წვრთნისა და ინსტიტუციური განვითარების კომპონენტებს. GDRP-ი ხელს უწყობს ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და აღჭურვილობის საჭიროების გამოვლენას და უზრუნველყოფს საბრძოლო მზადყოფნის მუდმივად მაღალი დონის შენარჩუნებას.

პარტნიორების დახმარებით, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საბრძოლო მოდელირებისა და სიმულაციის შესაძლებლობების განვითარებას. 2024 წლისთვის აღნიშული შესაძლებლობები იქნება გაძლიერებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ფარგლებში. ასევე სამოქალაქო ოფისი და გენერალური შტაბი JTEC-სთან ითანამშრომლებენ მოდელირების სცენარების, უმაღლესი დონის წვრთნებისა და ოპერატიული კონცეფციების შემუშავებაზე სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებადი სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კიბეროპერაციებისათვის. JTEC ჩამოყალიბდება ნატოსთან აფილირებულ წვრთნისა და შეფასების ოპერატიულ ცენტრად და დაკომპლექტდება როგორც ქართველი, ასევე ნატოსა და მისი პარტნიორების შემადგენლობით, ხოლო მისი მიზანი იქნება პერსონალისა და ქვედანაყოფების გაწვრთნა ნატოს შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროგრამებით.

თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს საერთო საჯარისო ცენტრის რეფორმას, გვარეობების გამოცდილების გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით. ცენტრის ფარგლებში მოხდება საქართველოს თავდაცვის ძალების დაყოფა სახმელეთო, შეიარაღებული და მექანიზებული, ლოგისტიკის, სამედიცინო, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, საინჟინრო, ასევე ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური, კავშირგაბმულობისა და არტილერიის ფოკუსირებულ სკოლებად. ასევე, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, გაგრძელდება სამხედრო განათლების სფეროს − ოფიცერთა და სერჟანტთა მომზადების მნიშვნელოვანი სეგმენტების ინსტიტუციონალიზაცია და ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესზე დაყრდნობით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, დაბალანსებული და მდგრადი ძალების ჩამოყალიბებისთვის ყურადღება გამახვილდება საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. ასევე მოხდება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება, ყურადღება გამახვილდება საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო და საინჟინრო შესაძლებლობების, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების ძირითადი ელემენტების, მათ შორის, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაზე. ამასთან, მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრება თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ლოგისტიკის მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია.

გაგრძელდება როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების/რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სხვა სოციალური პროექტები.

თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს რეზერვისა და მობილიზაციის გაუმჯობესებულ სისტემას, მისი ეფექტიანობისა და სანდოობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული ხედვა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებისა და რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზს. მასზე დაყრდნობით, სამხედრო რეზერვის ძირითად სახეებად განისაზღვრება აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი.

სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იქნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნა და სერიული წარმოება. გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით, გაგრძელდება სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შესაძლებლობების გაუმჯობესება და მისი როლის გაზრდა.

წარმატებით გაგრძელდება ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფისა და განახლების კუთხით.
განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივები. ალიანსისგან მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით, SNGP-ის ფარგლებში, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მიიღწევა ნატოსთან თავსებადობის მაღალი ხარისხი.

გააქტიურდება და გაღრმავდება ევროკავშირთან ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მიმდინარე წლების განმავლობაში, ევროპულ თავდაცვის სააგენტოსთან (EDA) თანამშრომლობის დაწყების შესახებ ფორმალური განაცხადი გაკეთდება. ასევე თავდაცვის სამინისტრო მზად იქნება ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი

ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო როლის მქონე სტრატეგიული დონის სათათბირო ორგანო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (მისი აპარატი) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

გაგრძელდება/დასრულდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ორი ძირითადი, ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია.

ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კიბერუსაფრთხოების სფერო წარმოადგენს. შესაბამისი კონცეპტუალურ-სამართლებრივი ბაზის მიღების შედეგად, მთავარ მიზანს სფეროში მყარი ინსტიტუციური არქიტექტურის შექმნა და უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცება წარმოადგენს.

სახელმწიფო განსაკურებულ ყურადღებას დაუთმობს „ჰიბრიდულ საფრთხეებთან“ ბრძოლას. ამ მიზნით, სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაიწყება.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია ერთიანი, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება და სასჯელის გარდაუვლობის უზრუნველყოფა.
ამ მიზნით, აუცილებელია უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში დაწყებული რეფორმების გაგრძელება და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება.

„სისტემური განახლების“ კონცეფიის შესაბამისად, გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ ცვლილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს.

გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში დასრულდება მთელი საქართველოს მასშტაბით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. გაგრძელდება საუბნო მიმართულების ეტაპობრივი ჩანაცვლება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელით. განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

გაგრძელდება საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება და გამოძიების ხარისხის გაზრდა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მომზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რაც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნას, გამომძიებლის დამოუკიდებლობისა და მისი პასუხისმგებლობის გაზრდას, საბოლოო ჯამში, კი გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. ცვლილებების ამოქმედებისთვის სისტემის მზაობის უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს წლებზე გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს ახალი კადრების მოზიდვას, სამსახურში მიღების წესის ცვლილებას, მოქმედი გამომძიებლების სისტემურ გადამზადებასა და ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ სხვა ღონისძიებებს.
გაგრძელდება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემის დახვეწა და, ამ მიზნით, ხარისხის კონტროლის ცენტრალიზებული მექანიზმის − ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მხარდაჭერა.

ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, არასრულწლოვანთა მიმართ სპეციალური მიდგომების დანერგვის, არასრულწლოვანზე მორგებული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება არასრულწლოვანზე მორგებული ინფრასტრუქტურის დანერგვა, გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება.

გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ადამიანური რესურსების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება, ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა. გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში. კიდევ უფრო გაღრმავდება სანაპირო დაცვის თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. გაგრძელდება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება.

გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცესებს, გაზრდის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაინერგება დანაშაულის პრევენციაზე მიმართული მიდგომები, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი. ამ მიზნით, გაგრძელდება ანალიტიკოსთა ქსელის შექმნა საპოლიციო დანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოდანაშაულთან.
გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ევროპოლთან, გაფართოვდება პოლიციის ატაშეების ქსელი, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ, გაძლიერდება მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვა, რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება.

სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასევე, არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით, ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა, რომელიც მოიცავს სამსახურში მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაწინაურებისა და სოციალური დაცვის ეფექტიან მექანიზმებს. განხორციელდება სამსახურში მიღების წესის შემდგომი გაუმჯობესება. შსს აკადემია ორიენტირებული იქნება პოლიციელთა პროფესიულ მომზადებაზე/გადამზადებაზე. შესაბამისად, განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. დაინერგება პოლიციის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები (SOP). პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ბაზის განვითარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, განვითარდება საოპერაციო შესაძლებლობები/რესურსები, ამაღლდება მზადყოფნის დონე და გაიზრდება რეაგირების ხარისხი. იგეგმება ტექნიკის/აღჭურვილობის ძირეული განახლება და ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განვითარება. დაინერგება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს მოწინავე ტექნოლოგიები, მაგალითად, როგორიც არის სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის ელექტრონული სისტემა.

სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი − „112“, საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ვიდეო-სამეთვალყურეო და სიჩქარის კონტროლის სისტემების დამატებას/განვითარებას. პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის (ProQA) დანერგვის მეშვეობით, შემცირდება პრიორიტეტულ შემთხვევებზე რეაგირების დრო; დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, განვითარდება ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მოძალადის რეალურ დროში კონტროლს.

გაგრძელდება ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, მათ შორის: ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საინფორმაციო პლატფორმა, მოქალაქეებთან უკუკავშირის სისტემა და სხვ.

გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება, სამედიცინო პუნქტების გახსნა, იზოლატორების ახალი ინვენტარით აღჭურვა. მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ცენტრში მოთავსებულ პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა.

განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რაც კიდევ უფრო მოქნილს, კომფორტულსა და მრავალფეროვანს გახდის მომსახურების სააგენტოს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს. დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სახელმწიფო სანომრე ნიშნების დისტანციურად შეცვლის გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს.

მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით მოპოვების მიზნით, განვითარდება საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები − ლაბორატორიები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, ცალკეული საექსპერტო მიმართულებებით გაფართოვდება აკრედიტაციის სფერო, გაუმჯობესდება კინოლოგიის შესაძლებლობები.

კიბერდანაშაულის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ამ მიზნით, თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი; გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლების მქონე შინაარსის მასალების დროული იდენტიფიცირებისთვის; დანაყოფები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა; გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების სამსახურებთან.
გაგრძელდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, რომლის მიზანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან.

პენიტენციური სისტემა

პენიტენციური სისტემის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით, გაგრძელდება პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოება. გაგრძელდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებები გაუმჯობესდება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შეიქმნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ერთისა და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე.

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამები.

გაუმჯობესდება მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობები. ამ მიზნით, შეიქმნება შესაბამისი სისტემები და ინფრასტრუქტურა, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით.

2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც შეიმუშავებს მიზნობრივ აქტივობებს/პროექტებს მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის.

დაინერგება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ინდივიდუალური შეფასების, მათ შორის, კლასიფიკაციის, სასჯელის დაგეგმვისა და შემთხვევის მართვის ეფექტიანი მეთოდოლოგიები.

პენიტენციური დაწესებულებიდან პრობაციის სისტემაში გადასვლის, პენიტენციური დაწესებულებიდან/პრობაციიდან საზოგადოებაში დაბრუნების ხელშესაწყობად დაინერგება გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა.

დაგეგმილია №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებისათვის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სასეირნო სივრცით.

სამოქალაქო სექტორში გაცემული მომსახურების ხარისხთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულ-მსჯავრდებულებისთვის მიწოდებული ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაუმჯობესება.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, გაძლიერდება მუშაობა რთული ქცევის მქონე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან.

გაძლიერდება მუშაობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
გაუმჯობესდება პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტირების ღონისძიებები, დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.
გაგრძელდება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემაში მომუშავე სპეციალისტების, მათ შორის, პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების პროფესიული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, სამიზნე ჯგუფთან პრაქტიკის უკეთ განხორციელებასა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდების მიზნით.
გაგრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბენეფიციარებისთვის, თანამშრომლებისა და სტუმრებისათვის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება; თანამშრომლებისთვის ღირსეული და არადისკრიმინაციული სამუშაო პირობების შექმნა; ტრენინგებისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკისა და პროგრამების განვითარებაზე, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის საპილოტე პროგრამების დანერგვის კუთხით.

ადამიანის უფლებების დაცვა

სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.

დამტკიცდება და განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის გრძელვადიან პრიორიტეტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

გაგრძელდება ქმედითი ღონისძიებების გატარება თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის, ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.

განხორციელდება ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად. უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე.
გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით.

მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციასა და, შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. განხორციელდება კოორდინირებული და ქმედითი ღონისძიებები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების მიზნით.

გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით.

მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ხანდაზმული ადამიანების ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სოციალურ ინკლუზიას, ხანდაზმული ადამიანების მიმართ ძალადობის პრევენციასა და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას.

განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, მათ შორის, გამოიყოფა დამატებითი რესურსი სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის, მათი კვალიფიკაციის განგრძობადი გაუმჯობესების, სპეციალიზაციისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკას, მიღებული და განხორციელებული იქნება ახალი სტრატეგია 2021 − 2026 წლებისთვის. მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანი იქნება, თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას. მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებების გათვალისწინებით, უფრო მრავალფეროვანი გახდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვას. ხელი შეეწყობა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და დაცვას. გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერებასა და ჩართულობაზე ორიენტირებული პროგრამები.

გაგრძელდება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა. უზრუნველყოფილი იქნება ქონების სანდო და უსაფრთხო სარეგისტრაციო პროცედურები, მათ შორის, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვის მიმართულებებით. პრიორიტეტული იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება და შრომის ინსპექციის მანდატის ქმედითი რეალიზაცია.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას და მხარს დაუჭერს მისი შემდგომი განვითარების მიზნით დაგეგმილ რეფორმებს.

მიღებულ იქნება აღსრულების ახალი კოდექსი, რითაც შეიქმნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სააღსრულებო წარმოების საკანონმდებლო გარანტიები. კოდექსში ასევე გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ნოვაციები, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, სააღსრულებო პროცესის გამარტივებას, აღსრულების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცებას აღსრულების პროცესში და მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას, ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნასა და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას, აგრეთვე სააღსრულებო კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან მაქსიმალურად დაახლოებას.

აღსრულების ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, ეტაპობრივად განხორციელდება პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, საჯარო აღმასრულებლები გადამზადდებიან კერძო საქმიანობისთვის აუცილებელ საკითხებში.
ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამოწვევებისთვის საპასუხოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაიხვეწება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

ევროკავშირთან ასოციირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, მუშაობა გაგრძელდება, ერთი მხრივ, ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და ჰააგის რჩენის ვალდებულებებზე გამოსაყენებელი სამართლის შესახებ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის, მეორე მხრივ, კი სასამართლოს შერჩევის შეთანხმებების შესახებ ჰააგის 2005 წლის კონვენციის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით. აღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთება მიზნად ისახავს, შესაბამისად, ტრანსსასაზღვრო საქმეებში ბავშვთა რჩენის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების ერთიანი წესების მიღებით.

გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება ე. წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების ღონისძიებები.

მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და სახელმწიფოს დოკუმენტური მეხსიერების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს ახალციხეში გაიხსნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის ახალი შენობა.

სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე სასამართლოთა თანამშრომლობის გაუმჯობესების, ქვეყნებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების წესისა და პროცედურების გამარტივებისა და სამოქალაქო და კომერციული დავების დროულად და ეფექტიანად გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ აღიარებისთვის, წარედგინება „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენცია, „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენცია და მათგან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

2. ეკონომიკური განვითარება

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკა, გამოავლინა მისი გამოწვევები. ამასთან, გამოწვევებთან ერთად, პანდემიამ შექმნა განვითარების ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. სწორედ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე იქნება მიმართული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შემდგომი 4 წლის განმავლობაში. პარალელურად, აქტიური მუშაობა დაეთმობა ქვეყნის ეკონომიკის სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკას ექნება ყველა წინაპირობა სწრაფი აღდგენისა და „შესაძლებლობების ეკონომიკად“ გარდაქმნისთვის.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა კვლავ დაეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის შემდგომ პერიოდში, ასევე ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პანდემიით დაზარალებული ბიზნესის აღდგენასა და შემდგომ გაფართოებას, ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორს.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი იქნება საქართველოს ახლებური პოზიციონირება პოსტ-კოვიდურ რეალობაში და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, განსაკუთრებით, შიდა ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობა იმუშავებს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე და ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალურ ჩართვაზე ეკონომიკურ აქტივობაში.

ამასთან, აქტიურად გაგრძელდება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას.

მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება, 2024 წლისთვის უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის. ამ ამოცანის შესასრულებლად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, სიღარიბის შემცირებასა და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად პოზიციონირების გაძლიერებაზე.

ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო-კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება

კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მხარეს.

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იქნება ნეგატიური 5%. ამასთან, მიმდინარე კრიზისის გაღრმავების ფონზე, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნების წახალისების მიზნით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები შემცირდება 1.3 მლრდ ლარით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დამატებითმა საჭიროებებმა 1.6 მლრდ ლარს მიაღწია. საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება.

მთავრობის მიერ კრიზისის საპასუხოდ განხორციელდა საერთაშორისო დახმარების სწრაფი მობილიზება და 1.7 მლრდ აშშ დოლარის დამატებითი სახსრების მოზდივა. აღნიშნული რესურსები მიმართული იყო, ერთი მხრივ, შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების დასაფინანსებლად, ხოლო, მეორე მხრივ, ანტიკრიზისული ღონისძიებებით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად. შედეგად, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 2020 წლისთვის მიაღწევს 59.9%-ს. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ვალის მაჩვენებელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუბრუნდეს დაბალ ნიშნულს.

კრიზისის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა საექსპორტო ბაზრებზე, რის შედეგადაც შემცირდა საქართველოდან ექსპორტი. კრიზისმა გავლენა მოახდინა შემოსავლების სხვა წყაროებზეც, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორზე. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2020 წლისთვის გაიზრდება 9.7%-მდე.

კრიზისის ფონზე, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. შოკი იყო ორმხრივი - როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან. შედეგად, ბიზნესების ნაწილს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა იქნება 4.3%.

შემდგომი 4 წელიწადი უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი იქნება:
• Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება/ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია;
• პანდემიამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
აღნიშნული მიიღწევა ფისკალური დისციპლინის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობის, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ეტაპობრივი ღონისძიებებით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მთავარ პრიორიტეტად დარჩება:
• ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება;
• კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა;
• შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უზრუნველყოფს: გაუმჯობესებულ ფისკალურ დისციპლინას, სახელმწიფო ვალის ეტაპობრივ შემცირებას, ფასების სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობას, ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას.

ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნისათვის აუცილებელი იქნება კოორდინირებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში. ამ მხრივ, აუცილებელია, ფისკალურ სტიმულებთან ერთად, ამოქმედდეს მონეტარული პოლიტიკის მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რათა მოხდეს შიდა ინვესტიციების ხელშეწყობა და სტიმულირების მასშტაბის ზრდა. ამ პროცესში, მთავრობის მიერ მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ინვესტორების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე, რაც გარკვეულწილად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს და შექმნის დამატებით მონეტარულ სტიმულებს.

შედეგად, ჩვენი საბოლოო მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს უმუშევრობის დაბალი დონე, რომელსაც შედეგად მოჰყვება უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა და სიღარიბის დაბალი დონის მიღწევა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებული დონე და ეკონომიკური ზრდისა და შემოსავლების ზრდის მაღალი მაჩვენებელი.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, დაეხმაროს ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს.

ფისკალური პოლიტიკის მხარეს განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

• გაგრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია და ფისკალური დისციპლინის გაუმჯობესება − გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, მათ შორის, მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების დაფინანსება საჯარო ინვესტიციების მართვის (PIM) ინსტრუმენტის ფართოდ დანერგვის გზით (2024 წლისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული საინვესტიციო პროექტების 100% ამ ინსტრუმენტით დაიფარება). ბიუჯეტის დეფიციტი თანმიმდევრულად დაუბრუნდება 3%-იან ნიშნულს.
• გადაიხედება არსებული საგადასახადო შეღავათების სისტემა უფრო კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, გაუმჯობესდება საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა.
• განხორციელდება სახელმწიფო პროგრამების შედეგების ანალიზი და შეფასება, მათი ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით.
• განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმა.
• შენარჩუნდება ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები − საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
• ამასთან, მოხდება კაპიტალური პროექტების მკაცრი პრიორიტეტიზაცია, ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებების შესაბამისად.
• მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი − მთავრობის მიზანია, 2024 წლისთვის დეფიციტის მაჩვენებელი იყოს 5%-ზე ნაკლები.
• მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან სტაბილურ დონეზე დაბრუნება − 2024 წლისთვის ვალის მაჩვენებელი შემცირდეს 55%-ზე ქვემოთ.
• საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა − აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გაუმჯობესებას.
რაც შეეხება სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას, სახელმწიფო ამ პროცესში ჩართავს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, კერძოდ:
• უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა.
• გაგრძელდება ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია.
• ახალი რეგულაციების მიღება მოხდება ბიზნესთან კონსულტაციით.
• გაფართოვდება რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვა.
• შენარჩუნდება ხელსაყრელი საგადასახადო გარემო, არ გაიზრდება საგადასახადო ტვირთი, გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვა.
• კრიზისის დაძლევის მიზნით, მოხდება ლიკვიდობის პრობლემების მაქსიმალურად დასაძლევად სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების მიწოდება.
• ახლებურად დაიგეგმება ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა. აღნიშნული დაეფუძნება აგრესიულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საერთაშორისო კომპანიების რეგიონული ოფისების მოზიდვას, ისე რეალურ სექტორში (წარმოებაში) ინვესტიციების წახალისებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს შესაბამის კომპანიებთან პროაქტიური კომუნიკაცია და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება.
• სუვერენული რეიტინგების შემდგომი გაუმჯობესება − მთავრობის მიზანია შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის (BBB-/Baa3) მიღწევას.
• ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ეკონომიკური სტაბილურობის გასაძლიერებლად − საქართველოს, როგორც ფართო რეგიონში წამყვანი რეფორმატორის, იმიჯის განმტკიცება.

დასაქმება

დასაქმების მიმართულებით საკვანძო საკითხია ბიზნესის, როგორც სამუშაო ადგილების მთავარი გენერატორის, ხელშეწყობა. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს შრომის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებების დაცვის ეფექტიან აღსრულებასა და ღირსეულ დასაქმებას. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, მომდევნო წლებში:

• დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, გაძლიერდება შრომის ინსპექციის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო.
• შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გზით, აქცენტი გაკეთდება კადრების გადამზადებასა და მათი კომპეტენციის განვითარებაზე.
• განვითარდება და დაიხვეწება არსებული სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შრომის ბაზრის მომსახურებები, რაც მოიცავს პროფესიული უნარების განვითარებას, მომზადება-გადამზადებას, სტაჟირებას, კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვას და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის მასშტაბით სერვისებზე უწყვეტი წვდომა.
• გაგრძელდება შრომის ბაზრის დეტალური კვლევა, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმაციული დახმარება და სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა მჭიდრო კოორდინაცია.
• გაგრძელდება საერთაშორისო შრომითი მიგრაციის რეგულირება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
• გაგრძელდება სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გაფართოებისა და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით, ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

სამეწარმეო გარემო

გაგრძელდება სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება:

• დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი.
• გაგრძელდება აქტიური დიალოგი ბიზნესთან, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით. მოხდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება.
• საქართველო შეინარჩუნებს ხელსაყრელ საგადასახადო სისტემას − შენარჩუნდება დაბალი საგადასახადო წნეხი, დაინერგება ინოვაციური მიდგომები:

- უზრუნველყოფილი იქნება დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება;
- საგადასახადო დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვა;
- ფინანსთა სამინისტროში არსებული საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა − რეფორმის ფარგლებში შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განმხილველი კოლეგიური ორგანო, რომლის წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს თვით ამ ორგანოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. რეფორმის შედეგად განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციის გაუმჯობესება;
- გადაიხედება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა − მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო დიალოგის დაწყება, რომელიც შეაფასებს საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მიზანშეწონილობას კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეკონომიკაზე ზეგავლენის მიმართულებით.
- გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს მეწარმეებს, ისარგებლონ თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით და ასევე უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება.

• მოხდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
• აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია.
• გაგრძელდება წიაღის სექტორის რეფორმა კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. რეფორმის მეორე ფაზა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.
• წარმატებულ საერთაშორისო მაგალითებზე დაფუძნებით, განხორიელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც დაეყრდნობა სახელმწიფო საწარმოების საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ 5 სვეტს:
- გაიზრდება საწარმოსთვის კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაცია;
- საწარმოებში დაინერგება კორპორაციული მართვის პრინციპები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპებზე დაყრდნობით;
- განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალურობა;
- საწარმოთა საშუალოვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლებით მართვა;
- კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპის ინსტიტუციონალიზაცია.
• განხორციელდება საპარტნიორო ფონდის რეფორმა.

• პრაქტიკაში დაინერგება კრიზისში მყოფი ბიზნესის რეაბილიტაციის ახლებური სისტემა (როგორც გაკოტრების ალტერნატივა); დაცული იქნება კრედიტორთა უფლებები, რაც გაზრდის გადახდისუუნარობის გარემოს პროგნოზირებადობასა და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახლადმიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც 2021 წლის აპრილიდან ამოქმედდება, გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი, რომელიც წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ ინსტრუმენტს.

• გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2021 წელს წარდგენილი იქნება კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, მოხდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. მეწარმესა და ინვესტორს გაუჩნდება წვდომა აქამდე არსებულ არალიკვიდურ აქტივებსა და მათი საშუალებით ინვესტიციების მოზიდვაზე. დაბანდების გრძელვადიანი ხელშეწყობის მიზნით, მოხდება გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება, მათ შორის, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, დასრულდება კერძო საპენსიო სქემების რეფორმაც, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის აკუმულირებას. შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს, როგორც პერსპექტიულ ბაზრად (frontier market) კლასიფიცირების სწრაფვაზე იქნება მიმართული.

• გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა.
• რეგიონული ტექნოპარკებისა და უნივერსიტეტების ჩართულებით, გაგრძელდება ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები.
• გაგრძელდება თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების შემდგომი განვითარება − გაძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო, განვითარდება კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები (მედიაცია), დაინერგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრაქტიკა, დასრულდება სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის ჩარჩოს ცვლილება.
• დასრულდება მედიაციის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიკაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას.
• გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც, მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოებისა და სისტემების განვითარებაში; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, ყურის არაბული ქვეყნები); პრიორიტეტული იქნება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.
• ახლებურად ჩამოყალიბდება ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა − პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე, მოხდება ქვეყნის ახლებური პოზიციონირება. ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის საკოორდინაციო მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შედეგად, გაიზრდება კომუნიკაციის ეფექტიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან.
• გაფართოვდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან არიდების მიზნით.
• მიღებულ იქნება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც ასახული იქნება ასოციირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას.
• კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი.

სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა

COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისა და ეკონომიკის პოსტპანდემიური სწრაფი აღდგენის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გაგრძელების მიზნით, 2021 − 2025 წლებისთვის შემუშავდება „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია“, რომელიც დაეფუძნება ევროპის „მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპს.

ბიზნესის მხარდაჭერის მხრივ, კვლავ პრიორიტეტული იქნება ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარება, როგორც არსებული ვალდებულებების დაფარვისა და ლიკვიდობის პრობლემების დაძლევის, ისე ბიზნესის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მეწარმეობის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნული მიზნებით, საქართველოს მთავრობა შემდგომ განავითარებს საკრედიტო-საგარანტიო სქემას. საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას.
სააგენტო − „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს ადგილობრივი წარმოებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას.

მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება და გაფართოვდება სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები. ასევე აქტიურად გაგრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენების გზით.

გაძლიერდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საინვესტიციო გრანტების სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ ინვესტორი კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. მექანიზმი მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, სერვისების ექსპორტს, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროებს დაფარავს. გარდა ამისა, შეიცვალა და ახლებურად გაგრძელდება ინვესტორებთან მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესი. სააგენტომ დაიწყო მუშაობა ე. წ. ლოკაციების სკაუტებთან. განხორციელდა წამყვანი ლოკაციის კონსულტანტების იდენტიფიცირება და, პანდემიის მიუხედავად, უკვე დაწყებულია მათი საქართველოში ჩამოყვანა. განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება პოტენციური ინვესტორების პროფილირება, რომლებთანაც მიმდინარეობს პირდაპირი კომუნიკაცია მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით.

გარდა ამისა, მეწარმეებისთვის შესაბამისი სახელმწიფო სერვისების, ინფორმაციისა და განათლების საშუალებების მიწოდების გამარტივების მიზნით, „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ − ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივ/რეგიონების დონეზე ფუნქციონირებს ე.წ. ფრონტდესკები და დაგეგმილია საკონსულტაციო ცენტრების − ე.წ. ბიზნესჰაბების ამოქმედება. აღნიშნული ინიციატივების მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, დამწყებ და მოქმედ საწარმოებს, გამოიყენონ აქამდე მათთვის რთულად ხელმისაწვდომი სერვისები, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურებები.
განვითარდება ონლაინ პლატფორმა tradewithgeorgia.com, რაც ექსპორტიორი კომპანიებისთვის სხვადასხვა სერვისის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ, კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, ერთ სივრცეში შექმნან კომპანიის პროფილი, გაიარონ ექსპორტის მზაობის ტესტი, დარეგისტრირდნენ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ხელი მოაწერონ ელექტრონულ ხელშეკრულებას და ა.შ.

საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზაცია

საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის სისტემების განვითარება. სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს არის ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული საშუალება და ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმების პოტენციალის ათვისების შესაძლებლობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუშაობა როგორც ქვეყნის ძირითადი ინფრსტრუქტურის სწრაფი განვითარების, ისე სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი განვითარებისთვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზება.

გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით. ასევე გაგრძელდება მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარების მიზნით.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა. სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გაგრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით, სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში გაგრძელდება „ღია ცის“ პოლიტიკის გატარება, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში უზრუნველყოფს პანდემიამდე არსებული საჰაერო მიმოსვლის ნიშნულზე მოკლე დროში დაბრუნებას, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას. ამასთან, გაგრძელდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის პოლიტიკა.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების მიზნით ჩატარდა, განხორციელდება შავ ზღვაზე ევროპის ქვეყნებთან საბორნე/ფიდერული მიმოსვლის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები.

ზემოაღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია საქართველოს გავლით ენერგოდერეფნებისა და საკომუნიკაციო დერეფნების განვითარება, რაც ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პრაქტიკულ ეკონომიკურ დაახლოებას.

ინფრასტრუქტურის განვითარება

საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება. უფრო კონკრეტულად, 2024 წლამდე:

• დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი. შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება, ხოლო მგზავრობის დრო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4-4.5 საათი.
• აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა.
• გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთის, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით.
• გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა.
• დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხისა და სხვა მნიშვნელოვანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთების მშენებლობა.
• განხორციელდება 1500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში, მიმდინარე და 2024 წლამდე დაგეგმილი პროექტების დასრულების საფუძველზე, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით ათეულობით ქალაქი, დაბა და სოფელი, მათ შორის: ხაშური, თელავი, სტეფანწმინდა, ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ფასანაური, მატანი, დედოფლისწყარო და მისი სოფლები, სიღნაღი, თეთრიწყარო, ზუგდიდი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სოფლები, გარდაბანი და მისი სოფლები − მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი და სხვა.

შედეგად, 2024 წლამდე, დაახლოებით 2 850 000 აბონენტს, საქართველოს მოსახლეობის 77%-ს, ექნება გამართული წყალმომარაგება.

ქვეყანაში ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები. მიმდინარეობს და 2024 წლისთვის განხორციელდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

გაგრძელდება ქვეყნისადა მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციების, სქემებისა და გეგმების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადება.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიარდამდე ლარის ინვესტირება განხორციელდება.

ენერგეტიკა

მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა მიზნად ისახავს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ზრდას, ასევე შიდა რესურსების მაქსიმალურ ათვისებას, რაც, თავის მხრივ, დარგის მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვას ეფუძნება.
საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მათ შორის:

• დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.
• სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.
• 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით.

რაც შეეხება ქვეყანაში განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას, ამჟამად გაფორმებულია 130 მემორანდუმი, მათგან 106 მოიცავს მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას, 4 − დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას, 16 − ქარის, 4 კი მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრეა 3 486 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი 13 764 მლრდ კვტ/სთ-ია.

გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

• გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. პროექტი განხორციელდება 2 ფაზად: I ფაზა დაეთმობა კვლევით სამუშაოებს, ხოლო II ფაზა − უშუალოდ მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტება-მშენებლობას. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.
• ხელი შეეწყობა ენერგოეფექტურობის გაძლიერებას. 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე დაიწყება ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვა არსებული საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.
• ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის პირობებში, გაგრძელდება სასისტემო მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
• გაგრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
• სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოში, 2024 წლისთვის, დამატებით 1140 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა

ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზების მიზნით, საკვანძო ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, გაგრძელდება შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება.

საქართველო გააგრძელებს „ღია ცის“ პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული მიდგომა საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს, თავად განსაზღვრონ ფრენის სიხშირეები და ტარიფების ოდენობა, რაც ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას. ხელი შეეწყობა საავიაციო ბიზნესის აღდგენა-განვითარებას პანდემიის შემდგომ პერიოდში. ასევე გაგრძელდება მუშაობა ქართულ ავიაბაზარზე პანდემიამდე არსებული მოცულობების მოკლე დროში აღდგენის, ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და ახალი მიმართულებების განვითარების კუთხით.

ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის დაგეგმილია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება და სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, განხორციელდება ბათუმის აეროპორტის ტერმინალისა და ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რომლის შედეგად ტერმინალის ფართობი გაიზრდება 5-ჯერ, ხოლო მგზავრთა გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ (დაახლოებით, 2 მლნ მგზავრი წელიწადში). საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, გაგრძელდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურის თანამედროვე ტექნოლოგიებით განახლება და განვითარება.

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიმართულებით, იგეგმება 2021 − 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მნიშვნელოვანი აქტივობები და ღონისძიებები საქართველოს გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირების მიზნით. ამასთან, უფრო მეტად გააქტიურდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო დახმარების ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირთან მიმართებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფორმატში.
ზემოაღნიშნულის გარდა, ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, იგეგმება შემდეგი ღონისძიებების გატარება:

• სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით შეიქმნება ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმა სერვისებისთვის, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების (სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი.
• გაგრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების დანერგვა.
• განხორციელდება საზღვაო „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვა საქართველოს ნავსადგურებში და ასევე საზღვაო სექტორის სერვისების სრული გაციფროვნებისთვის გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, განხორციელდება ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (Port Community System) კონცეფციის დანერგვის შესაძლებლობის შესწავლა.
• განხორციელდება ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობა და საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის (Maritime Labour Convention 2006) რატიფიცირება, საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დამტკიცება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, ასევე საზღვაო უმაღლესი განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და საზღვაო და მომიჯნავე სექტორების კვლევითი დარგის განვითარების ხელშეწყობა.
• განხორციელდება ინვესტიციების ხელშეწყობა საზღვაო ტრანსპორტის დარგსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში.
• სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტების გამოყენებით.
• სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მომსახურების განვრცობა შესაძლებელია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების მთლიან მოცულობაზე.

კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები

ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.

ამასთან, ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ფართოზოლოვანმა ინტერნეტქსელებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ, ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფორმაციაზე წვდომისა და სხვა მიმართულებებით.

იმისათვის, რომ საქართველოში შენარჩუნებულ და გაზრდილ იქნეს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ტემპი, საქართველოს მთავრობა გაატარებს აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

• საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, „ლოგ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. შესაბამისად, შინამეურნეობებს წვდომა ექნებათ არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საწარმოებს − არანაკლებ 1 გბ/წმ-ის სიჩქარის ინტერნეტზე, რაც საშუალებას მისცემს ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოსახლეს, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით.
• „ლოგ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში განხორციელდება პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობა და სხვა.
• ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.
• განხორციელდება სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბების ღონისძიებები.
• გაგრძელდება ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, მათ შორის, ასოციირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან.
• შემუშავდება და დამტკიცდება „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა“, რომლის მიხედვით, კოორდინირებულად, ყველა შესაბამისი ორგანიზაციის ჩართულობით, განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები, განხორციელების აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორში ელექტრონული მომსახურებების განვითარებას, ციფრული წიგნიერების ზრდას, საინფორმაციო საზოგადობის ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარებას, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის გაზრდას, კვლევისა და ინოვაციების განვითარებას და გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რეგიონული განვითარება

რეგიონების განვითარებაში უთანასწორობის აღმოფხვრისა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, 2021 − 2024 წლებში, 6 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას − სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
რეგიონებში ეკონომიკური აქტივობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, შეიქმნება ტურიზმის ახალი მიზიდულობის ცენტრები, როგორიცაა: აბასთუმანი, მესტია, ველისციხე, წყალტუბო და სხვა.

თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, რეფორმის მთავარი მიზანი იქნება, სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით, თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას. გაგრძელდება მთის კანონით განსაზღვრული შეღავათების განხორციელება.

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება

მთავრობის აგროპოლიტიკის ძირითად მიზანს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს. ამასთან, COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ ახალი გამოწვევები წარმოშვა ამ მიმართულებით და გამოავლინა ახალი საჭიროებები, დარგის შემდგომი განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

გარდა ამისა, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება არის იმ პრიორიტეტთა შორის, რომელიც ამ დარგში სახელმწიფოს პოლიტიკას გააჩნია.

სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდის მიზნით, 2021 − 2024 წლებში განხორციელდება:

• ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობისთვის გაგრძელდება ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა.
• გაგრძელდება და მეტად მასშტაბური გახდება: ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა; სათბურების თანადაფინანსების ღონისძიებები; მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა; მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით არსებული პროგრამები; საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.
• უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
• სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამები.
• სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა. ასევე არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენისგან, კერძოდ, სეტყვისგან დაცვის მიზნით, შიდა ქართლი, კახეთის მგავსად, უზრუნველყოფილი იქნება სეტყვისგან დამცავი სისტემებით.
• ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმებისა და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანი სისტემების სრულყოფა.
• ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამისად, დაიგეგმება სასოფლო-სამეურნეო კულტურების რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამები.
• გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისებისთვის აქტიური მუშაობა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესება.
• გაგრძელდება ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
• მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. ამ მიმართულებით, საქმეთა წარმოებისას დაინტერესებულ პირთა შორის შესაძლო დავის ალტერნატიული გადაწყვეტისათვის აქტიურად იმოქმედებს სანოტარო მედიაცია, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტიანად წარმართვას.
• განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია. 10 ჰა-მდე იჯარით აღებული მიწების გადაცემა მოხდება პირდაპირი მიყიდვის წესით.
• განხორციელდება საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა.
• გაგრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება.
• ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინოპროდუქციის აღკვეთის მიზნით, გააქტიურდება ლაბორატორიული კვლევები.
• მიწის ფართობების წყალუზრუნველყოფის მიზნით, მომდევნო წლებში, განხორციელდება 220 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია, რაც დამატებით 40 000 ჰექტრამდე ფართობის გასარწყავებასა და 1000 ჰექტრამდე ფართობის დაშრობას უზრუნველყოფს.

2021 − 2024 წლებში, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დაიხარჯება.

გარემოს დაცვა

ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემდეგ რეფორმებს:

• გარემოსდაცვითი სტანდარტები თვისებრივად დაუახლოვდება ევროპულ მოთხოვნებს.
• ქვეყნის მასშტაბით სტიქიურად მოწყვლად ხეობებში განთავსდება 150-მდე დაკვირვების ავტომატური სადგური და თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები.
• გაგრძელდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოება.
• ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაგრძელდება მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება; განვითარდება ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობა, რაც შექმნის დამატებით ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს.
• დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება (სულ, დაახლოებით, 185 000 ჰა), შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.
• გაგრძელდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. განხორციელდება სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირება.
• ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა და ხელი შეეწყობა ნარჩენების ხელახალ გადამუშავებას.

ტურიზმი

ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიაა. შესაბამისად, მომდევნო წლებში, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენასა და ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

ჩამოყალიბდება ახლებური ხედვა ტურიზმის განვითარების სფეროში. ტურიზმი და მომიჯნავე ინდუსტრიები არის ყველაზე დაზარალებული პანდემიის შედეგად. ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია დაეფუძნება დივერსიფიკაციისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების მოთხოვნებს. გათვალისწინებული იქნება ბიზნესის მხარდაჭერა მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას.

კერძოდ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

• ტურიზმის აღდგენისა და კრიზისების მართვის მიმართულებით, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით სტრატეგიული გეგმის მომზადება. დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დახმარება ტურიზმის სტრატეგია 2025-ის ადაპტირებაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, რომელიც მოიცავს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდებს, რათა მოხდეს ტურიზმის ეფექტიანი და დროული აღდგენა.
• მომდევნო 4 წლის მანძილზე განხორციელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ახალი ბაზრების (ჩინეთი, აშშ და სხვ.) საბაზრო წილის ზრდას. COVID-19-ის მსოფლიოში გავრცელების ტენდენციის შესაბამისად, მოხდება მიზნობრივი ქვეყნების იდენტიფიცირება და, შესაბამისად, საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.
• 2023 წელს, საქართველო, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023.
• პანდემიისშემდგომ გარემოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად და სექტორის გასაძლიერებლად შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის განხორციელდება მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობები.
• ქვეყნის მასშტაბით ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოების შედეგად გაუმჯობესდება მომსახურების დონე.
• ტურიზმის ინდუსტიის მდგრადი განვითარებისა და მომსახურების დონის გაზრდისათვის, ევროპარლამენტის დირექტივასთან მიახლოებით, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება განხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამასთან, საკანონმდებლო ბაზის ფორმირებით გაძლიერდება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია.
• საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შემუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები ისევე, როგორც გაფართოვდება არსებული პროექტები.
• მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის კურორტების განვითარებას. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
• სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდება სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების შექმნა.
• 2023 წელს, საქართველო უმასპინძლებს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ჩემპიონატის ჩატარებამდე კი აქ 12 საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნული ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს ათასობით ვიზიტორი ეწვევა.
3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
მთავრობის პოლიტიკისათვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი. შესაბამისად, პოლიტიკა მიმართულია თითოეული მოქალაქის პოტენციალის რეალიზებაზე, ღირსეული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფაზე, ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაზე, ხოლო მომავალი თაობისთვის საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის, გამართული, ინდივიდის პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ფორმირებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნაზე.

ჯანმრთელობის დაცვა

ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვლავ უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების (სოციალურად დაუცველთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვ.) ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მედიკამენტებისა და ბენეფიციართა სიის გაფართოება.

ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იქნება და საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს.

უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში და გაიზრდება პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება. გაგრძელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, საოჯახო საცხოვრისებისა და თავშესაფრის სერვისების გაფართოება და სერვისების მიმწოდებელი პერსონალის გადამზადება.

გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის ღონისძიებები, გაძლიერდება ავადობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებათა პრევენცია და პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მათი გართულების თავიდან ასაცილებლად.

ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, გატარდება ერთიანი სატარიფო პოლიტიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. გაგრძელდება სამედიცინო სერვისების ანაზღაურებისათვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) დანერგვა და პროვაიდერების სელექციური კონტრაქტირება ხარისხის სტანდარტების, ხელმისაწვდომობის, უტილიზაციის მაჩვენებლისა და დაფინანსების ახალი მეთოდების გათვალისწინებით.

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ნებაყოფლობითი საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმების შემუშავების პროცესი. განხორციელდება ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, დაინერგება სამკურნალო საშუალებების შექმნის, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თანამედროვე მიდგომები.

დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, განხორციელდება ღონისძიებები უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის ეტაპობრივად შემოღებისა და დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული ორგანიზაციების აღიარების ეფექტიანი მექანიზმის ასამოქმედებლად.

სოციალური დაცვა

სოციალური დაცვის მდგრადი სისტემის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მთავრობა გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გაგრძელდება საპენსიო ასაკის პირთა პენსიით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციას ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით და უზრუნველყოფს, დაბალი გადასახადების პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის სოციალური გარანტიების შექმნას. უკვე, 2021 წელს, განხორციელდება 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის − 20 ლარით, ხოლო 70 წლის ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის − 25 ლარით ზრდა.

დაიხვეწება სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და საარსებო შემწეობის გაცემის წესი; შემუშავდება და განხორციელდება შრომისუნარიანი წევრების დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმები.

გაუმჯობესდება და გაფართოვდება სოციალური დაცვის მექანიზმები ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების (მათ შორის, შშმ ბავშვები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები) საჭიროებათა დაკმაყოფილებისათვის. გაგრძელდება დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა ოჯახურ გარემოში განთავსების უზრუნველსაყოფად.

გაიზრდება ძალისხმევა ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების იმპლემენტაციისთვის.
გაგრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. მომავალ 4 წელიწადში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახისა და 1200 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

განათლება

განვითარებული ადამიანური კაპიტალი სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების სისტემის არსებობა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების რეფორმა მოითხოვს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას, რაც გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით ერთიან მიდგომას, რათა რეფორმის შედეგი იყოს ეფექტიანი და ხელშესახები.

შესაბამისად, საქართველოს განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს.

ადრეული და სკოლამდელი განათლება

სკოლამდელი განათლების მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო. განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად.

გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რაიონში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.

შეიქმნება 1-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა.

გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასრულდება 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება.

ზოგადი განათლება

მთავრობის პრიორიტეტი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში:

• მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.
• დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
• შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.
• გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, გადამუშავდება საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება.
• კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები გაივლიან მომზადებას შესაბამის საკითხებში.
• გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით.
• მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
• ფართო მასშტაბით დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში.
• განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი.
• დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
• სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამები.
• შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.
• ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.
• გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. 2021 წელს გაგრძელდება სრულად ადაპტირებული 57 ახალი სკოლის მშენებლობა და 91 ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია, სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2021 − 2024 წლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის, 2021-2022 წლებში დასრულდება 47 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია.

უმაღლესი განათლება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

• გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.
• შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.
• განხორციელდება ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები.
• შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.
• სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას.
• გაგრძელდება პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველში“.
• ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის, გაგრძელდება მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.
• საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე.
• გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

პროფესიული განათლება

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამ მიზნით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

• გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი.
• შემუშავდება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021 და შემდგომი წლების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები.
• საჯარო-კერძო პარტნიორობით დაინერგება პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი; დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის როლი იქნება გადამწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების პროცესში.
• გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამების ხელმისაწვდომობა, შემუშავდება პროფესიული განათლების მიღმა მყოფი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიკაციისა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმები.
• დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი.
• ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი.
• პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი; დაინერგება კრედიტების ახალი, ევროპული სისტემა და კერძო სექტორის მიერ/მონაწილეობით პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების მოდელი.
• გაიზრდება დუალური და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; განისაზღვრება მოკლე ციკლის პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო, დაიწყება მათი დანერგვა და სტუდენტთა მიღება პროგრამებზე; გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები.
• დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაფართოვდება აღიარების მასშტაბები.
• პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად და ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად.
• დაინერგება პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროფესიული განათლების ახალი პორტალი.
• ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა, 2 სტუდენტური საცხოვრებლის განვითარება, 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაცია. საჭიროების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება. განხორციელდება ღონისძიებები არსებული გეოგრაფიული ქსელის საჯარო-კერძო ფორმატში გაფართოების მიზნით; სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაძლიერდება პროფესიული განათლების მიწოდება.

მეცნიერება

შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა.

გათვალისწინებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა, ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობა გახდება უპირატესი ზრუნვის საგანი.

გათვალისწინებულია გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესის გაძლიერება.
მომდევნო წლებში გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომლეთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი.

ქართველ მკვლევართა ყველა თაობის გადამზადების, მათთვის ახალი ცოდნის მიწოდების, ახალი კომპეტენციების გამომუშავების, მათი თანამედროვე გლობალურ სამეცნიერო სივრცეში უკეთ ორგანიზების მიზნით, განხორციელდება პროექტი − „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა“.

დაიხვეწება მეცნიერების მართვის სისტემა, სახელმწიფო განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს და იზრუნებს საქართველოში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ხელი შეეწყობა საერთაშორისო ჩარჩოპროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში სამეცნიერო ინსტიტუციებისა და კვლევითი ჯგუფების აქტიურ ჩართულობას და ორმხრივი და მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას, შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები; ხელი შეეწყობა ქართველი მკვლევრების ჩართულობას ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსებში.
გაუმჯობესდება სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს.

ახალგაზრდული პოლიტიკა

სახელმწიფო აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარების პროცესში და ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, რაც უზრუნველყოფს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.

სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“. კონცეფციის დოკუმენტით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში დაამტკიცებს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია − 2025-ს“.

სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გაიზრდება კარიერულ კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობა, გაგრძელდება ონლაინ საინფორმაციო ცენტრის − ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმის (Youthplatform.gov.ge) განვითარება.

გაფართოვდება საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით.

კულტურა

„კულტურის სტრატეგია 2025-ის“ მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, გაგრძელდება და გაფართოვდება კულტურის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები.

დაიხვეწება კულტურის სფეროს მარეგულირებელი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური, არამატერიალური, ბუნებრივი მემკვიდრეობა) სფეროში არსებული კანონმდებლობა.

შეიქმნება კულტურის მართვის მოქნილი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული მოდელი და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი.

კულტურის სფეროს მართვის მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ახალი კადრების მოზიდვა და რესურსების მობილიზება პრიორიტეტული მიმართულებების სარეალიზაციოდ, დაინერგება ახალი ინიციატივები, ეტაპობრივად მოწესრიგდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რეაბილიტაციის მიმართულებით დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები.

კულტურის რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული ტურიზმისა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებისთვის. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, განხორციელდება ახალი გამოწვევების შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები.

აქტიურად გაგრძელდება კულტურის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და კულტურის სექტორის ციფრულ სამყაროში ინტეგრირების ხელშემწყობი ღონისძიებები, რაც კულტურის სექტორის ორგანიზაციებისა და ხელოვანებისათვის დასაქმებისა და შემოქმედებითი თვითრეალიზების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური და სამეცნიერო ადამიანური რესურსის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებას, თანამედროვე ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მხარდაჭერას, ახალგაზრდა ხელოვანების ინიციატივების ხელშეწყობას.

გაგრძელდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი; განხორციელდება საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებები, გაიზრდება საერთაშორისო პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მაჩვენებელი. ხელი შეეწყობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონების სახელოვნებო ინსტიტუციების, კოლექტივების ქვეყნის ერთიან კულტურულ სივრცეში ჩართულობასა და საერთაშორისო ასპარეზზე მათ წარმოჩენას.

გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით, რეგიონების მოსახლეობისათვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისათვის; ხელი შეეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და შშმ პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

სპორტი

გაიზრდება სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსება.

პროფესიული სპორტის განვითარების მიზნით, გაგრძელდება ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების ხელშეწყობა.

გაგრძელდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობისათვის აქტიური მხარდაჭერა: საქართველო უმასპინძლებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, როგორებიცაა: 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

გაგრძელდება დამსახურებული სპორტის მოღვაწეებისა და ვეტერანი სპორტსმენების, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების სოციალური მხარდაჭერის პროგრამების, ასევე ოლიმპიური ჩემპიონების, პერსპექტიული და საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებული სპორტსმენების მხარდაჭერის ღონისძიებები;
შეიქმნება სპორტული დავების განხილვების ქმედითი სისტემა. დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და მათი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვის მოდელი;

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ქმედითი მოდელი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.

სახელმწიფო მმართველობა

მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების საფუძველი იქნება კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, გამართულად მომუშავე სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის შემდგომი განვითარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

მთავრობის პრიორიტეტად რჩება საჯარო მმართველობის რეფორმის გაგრძელება და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარება. რეფორმის მთავარი მიზანია, სახელმწიფო მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი, რომლის მუშაობის შედეგები ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის.

საჯარო მმართველობის რეფორმა ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც მთავრობის ხედვის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, გაგრძელდება თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის (Eastern Partnership – EaP) ქვეყნებთან, რათა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუტები, რომლებსაც აქვთ რესურსი, საერთაშორისოდ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტების შესაბამისად, უპასუხონ თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებს და იყვნენ ლიდერები რეგიონში.

მთავრობა ექსპერტების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით შეიმუშავებს საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიას, რომელიც 2021 − 2024 წლების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სფეროებს განსაზღვრავს.

მაღალი სტანდარტის მმართველობის ჩამოყალიბების წინაპირობად კვლავ დარჩება ღია მმართველობა და საქართველოს წარმატებული წევრობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership – OGP). სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის განახლებულ ფორმატში, მთავრობა შეიმუშავებს ღია მმართველობა საქართველოს ახალ სამოქმედო გეგმას, რომელიც ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ღიაობის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.

საჯარო მმართველობის ძირეული რეფორმისა და კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის:

• შეიქმნება მტკიცე საკანონმდებლო საფუძველი როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პოლიტიკის სწორად და ერთგვაროვნად დაგეგმვა ყველა დონეზე. ამ მიზნით, გაძლიერდება პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის კონტროლი და გაიზრდება საჯარო მოხელეთა შესაძლებლობები;
• საჯარო სამსახურის წარმატებული რეფორმის სრულყოფის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულებაში გაგრძელდება ადამიანური კაპიტალის განვითარება, ინსტიტუციურად გაძლიერდება საჯარო სამსახურის ბიურო და უზრუნველყოფილი იქნება საჯარო დაწესებულებებში პროფესიული განვითარების ეფექტიანი, თანამედროვე და ინოვაციური სისტემების შექმნა;
• სახელმწიფო მმართველობის სისტემის თანმიმდევრული დეკონცენტრაციისა და დეცენტრალიზაციის გზით, მთავრობის პრიორიტეტი იქნება დეცენტრალიზაციის დამტკიცებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელება. მთავრობის მიზანია, 2024 წლისთვის ჩამოყალიბდეს ევროპული სტანდარტების ადგილობრივი თვითმმართველობა და წარმატებით დასრულდეს დარგობრივ-ცენტრალიზებული მმართველობის ეფექტიან ადგილობრივ-ტერიტორიულ მმართველობად გარდაქმნის პროცესი.
• სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტანდარტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სერვისებზე კიდევ უფრო მარტივი ხელმისაწვდომობა. ზემოაღნიშნული, ფიზიკურ მომსახურებასთან ერთად, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ-მომსახურების დახვეწას და ახალი, დამატებითი სახელმწიფო სერვისების გაციფროვნებას. ერთიანი პოლიტიკის მეშვეობით, ქვეყანაში პირველად დაინერგება სახელმწიფო სერვისების ფასწარმოქმნის სამართლიანი და გამჭვირვალე სტანდარტი.
• მთავრობის პრიორიტეტად რჩება კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება და ელექტრონული მმართველობის განვითარება, რაც ასევე მოიცავს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით, შემუშავდება ქვეყნის რიგით მეორე ციფრული მმართველობის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფროვნება მეტი ეფექტიანობისთვის და დისტანციური სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და გაფართოება ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ მიმართულებათა მნიშვნელობა ნათლად გამოიკვეთა COVID-19-ით განპირობებული პანდემიით შექმნილი ვითარების პირობებში. მაგალითად, გაგრძელდება მუშაობა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის დამატებითი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მომსახურების მიღების დროს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, დისტანციურად და უსაფრთხოდ მიიღონ სახელმწიფო სერვისები.
• დისტანციური სერვისების განვითარების მიზნით, შემუშავდება ეროვნული არქივის მკვლევართა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და ახალი კატალოგები.
• გაგრძელდება მუშაობა ელექტრონული არქივაციის მიმართულებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების საიმედო შენახვა.
• საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაიხედება და დაიხვეწება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
• კანონმდებლობით მოწესრიგდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და, არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზების მიზნით, განხორციელდება მათი ფუნქციური ანალიზი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განისაზღვრება სახელმწიფო მმართველობის (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანოების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები.
• ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, დაიხვეწება საჯარო ფინანსების განაწილებისა და მართვის სისტემა; აგრეთვე დადგინდება წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესრულების ანგარიშგების, ასევე მათი გამოქვეყნებისა და საზოგადოებისთვის წარდგენის სტანდარტები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
• ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: გაგრძელდება ანტიკორუფციული პოლიტიკის (სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის) აქტიური განხორციელება, კორუფციის პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა. ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე.
• გაგრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, დაიხვეწება არსებული ელექტრონული სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს არა მარტო არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევების გამოვლენა, არამედ ინტერესთა კონფლიქტების შესაძლო ფაქტების პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით,"- ნათქვამია პროგრამაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები