პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეჭვობს, რომ ხელისუფლება საქსტატის კომპეტენციაში ჩარევას ცდილობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მაგრამ საკითხის განვრცობა არ ისურვა. „ჩათვალეთ,ეს იყო ჩემი განგაშის ზარი“ - ამბობს ყოფილი პრემიერი.
- კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ახლა ესენი {ქართული ოცნება} ღუპავენ, სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურია.
- საქსტატი?
- დიახ, რომელიც აუცილებლად მისახედი იქნება.
- რატომ - არ ენდობით საქსტატის მონაცემებს?
- კითხვები მიჩნდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვუყურებ იმ ციფრებს, რომელსაც აქვეყნებენ...
- შეგიძლიათ მეტი კონკრეტიზაცია - მაგალითად, რა მიმართულებით გაქვთ კითხვები?
- ბევრი მიმართულებით... მაგალითად, ეკონომიკის ზრდის მონაცემებთან დაკავშირებით...
- საქსტატს მონაცემებს (დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა შესახებ) შემოსავლების სამსახური აწვდის და ასე იყო სულ...
- ვიცი, მაგრამ ინტერპრეტირების კორიდორი საკმაოდ დიდია და ჩათვალეთ, რომ ეს იყო ჩემი განგაშის ზარი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართავს ამ ინსტიტუტს და იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მცდელობა, ამ ინსტიტუციის კომპეტენციაში ჩარევის და ყოველთვის ხვდებოდათ ის, რასაც იმსახურებდნენ და ახლა რასაც ვუყურებ, მგონი იქ რაღაც პრობლემებია. შეიძლება ვცდები და იმედია, ვცდები.