მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით საჯარო რეესტრის წარმომადგენელი გარიგებებს აღარ დაამოწმებს - ცვლილების ეფექტები

კკ
BM. GE
04.11.23 11:00
321

კანონმდებლობაში „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი გარიგებებს აღარ დაამოწმებს, თუ ამ გარიგებაზე პირი ხელს აწერს უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

პარალელური ცვლილებით, ასეთი გარიგება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, საჯარო აქტის ფორმით. საჯარო აქტი გულისხმობს, რომ "ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა
(წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა".

როგორც წესი, მსგავსი ტიპის ცვლილებებს თან არ ახლავს განმარტება, თუ რა იყო მისი მიღების არგუმენტაცია, მაგრამ შეგვიძლია მაღალი ალბათობით დავასკვნათ, რომ ემსახურებოდა საჯარო რეესტრისათვის არსებული და მოსალოდნელი რისკების შემცირებას.

კერძოდ, მინდობილობას თან ახლავს როგორც შინაარსობრივი, ისე ფორმალური რისკები. შინაარსობრივად შეიძლება რთული იყოს იმის დადგენა, თუ რა არის მინდობილობის გამცემის ნება; რაც შეეხება ფორმალურს: რამდენად არის გაცემული მინდობილობა უფლებამოსილი პირის მიერ, არ არის გაუქმებული, გაყალბებული, და ა.შ. ფორმალური რისკი განსაკუთრებით მაღალია უცხოეთში გაცემული მინდობილობების მიმართ, რადგან ძირითად შემთხვევაში რთულია მისი შემოწმება/გადამოწმება.

რონალდ ქოუზი (The Problem of Social Cost, 1960 5 ) და შემდეგ უკვე სხვა ავტორებიც, ხაზს უსვამს გარიგების მაღალ ხარჯს, როგორც ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს ქონებრივი უფლებების ეფექტიანად გადანაწილებისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროცესში. შესაბამისად, გარიგების ხარჯის შემცირება რეგულატორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს მთლიანი სოციალური ხარჯის შემცირებას. სწორედ ამ პრინციპის
საფუძველზე იქნება განხილული ზემოაღნიშნული ცვლილებები კანონმდებლობაში.

მთლიანი სოციალური ხარჯი

უცხოეთში გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელმოწერილი გარიგების დამოწმება/რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: (C +p*L ), სადაც C გულისხმობს პროცესში ჩართული პირების პირდაპირ ხარჯებს, L აღნიშნავს ზიანიდან გამოწვეულ ხარჯს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არავალიდური მინდობილობის საფუძველზე, ხოლო p აღნიშნავს ასეთი ზიანის დადგომის ალბათობას.

პროცესში ჩართული პირების პირდაპირი ხარჯები

ხელმოწერის პროცესის დამოწმების რეესტრიდან ნოტარიუსთან გადატანით, C ანუ პროცესში ჩართული პირების ხარჯი ცალსახად იზრდება, რაც გამოიხატება როგორც დახარჯული დროის ღირებულებაში ისე პირდაპირ, გაზრდილი მოსაკრებლის
ოდენობაში. მაგალითად, ცვლილებამდე, ხელმოწერის დამოწმება მომხმარებელს 7 ლარი უჯდებოდა.

ცვლილების შემდეგ, როცა იგი ვალდებულია მიიღოს მომსახურება ნოტარიუსისგან, ამ ხარჯმა რამდენიმე ათასი ლარიც კი შეიძლება შეადგინოს. ცალსახაა, რომ ცვლილებების შედეგად პროცესში ჩართული პირების პირდაპირი ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება.

აქვე აღსანიშნავია გარე ეფექტების ინტერნალიზაციის პრობლემა. კერძოდ, იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთ გარიგებაში წარმოდგენილი იყო არავალიდური მინდობილობა და ამის გამო პროცესი უფრო ხარჯიანი გახდა, ეს ხარჯები ეზრდებათ იმ პირებსაც, რომლებიც მსგავს რისკს არ ატარებენ.

რეესტრის მოსაკრებელს, ასევე ნოტარიუსის მომსახურების ანაზღაურების ოდენობას ადგენს ნორმატიული აქტი, რაც გამორიცხავს რისკის დონის მიხედვით საფასურის ცვლილების შესაძლებლობას, რომ მაგალითად მაღალ რისკიან შემთხვევაში უფრო მეტი იყოს მომსახურების საფასური და დაბალრისკიანის დროს - დაბალი.

გამონაკლისია პარტნიორთა კრების ოქმები, სადაც ნოტარიუსს შეუძლია მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში შეათანხმოს საფასური კლიენტთან, მაგრამ დიდი ალბათობით, რისკის ზრდის პარალელურად ეს საფასური ახლოს იქნება მაქსიმალურ ზღვართან.

ალბათობა

შემოთავაზებული ფორმულირებიდან გამომდინარე, პროცესში ჩართული პირების პირდაპირი ხარჯების ზრდა შეიძლება დააკომპენსიროს -p, ანუ ზიანიდან გამოწვეული ხარჯის ალბათობის შემცირებამ.

სანამ უშუალოდ აღნიშნულ საკითხს შევეხებით, საჭიროა აღვნიშნოთ რა ტიპის ზიანი იგულისხმება. ზიანი, რომელმაც გარიგებასთან დაკავშირებული საერთო სოციალური ხარჯი გაზარდოს, შეიძლება წარმოიშვას არავალიდური მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების შედეგად. კერძოდ ზიანი მიადგეს უშუალოდ გარიგების მხარეებს ან/და მესამე პირს [პირობითად საჯარო რეესტრს], რომელმაც დაამოწმა დოკუმენტი. მაგალითად: დაინტერესებულმა პირმა სარჩელი აღძრა საჯარო
რეესტრის წინააღმდეგ იმ საფუძველით, რომ მან სათანადოდ არ შეამოწმა გარიგების მხარის უფლებამოსილება.

თუ არავალიდური მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგებების რაოდენობა გაიზრდება, ამ ფაქტმა შეიძლება ზოგადად საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ბრუნვას.

როგორც აღინიშნა, პროცესში ჩართული პირების პირდაპირი ხარჯების ზრდა შეიძლება გაამართლოს ზიანის ალბათობის შემცირებამ. რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესის საჯარო რეესტრიდან ნოტარიუსთან გადატანის შედეგად უნდა მცირდებოდეს არავალიდური მინდობილობების გამოყენების რისკი.

ზუსტად აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემა: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და რეალობის გათვალისწინებით, ნოტარიუსებს არ აქვთ დამატებითი უფლებამოსილება, ინფორმაცია ან/და ტექნიკური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემდა მათ საჯარო რეესტრისაგან განსხვავებით უფრო დეტალურად გამოეკვლიათ მინდობილობების შინაარსობრივი თუ ფორმალური მხარე.

გამომდინარე აქედან, ცვლილებების შემდეგ რისკის ალბათობა არ მცირდება. მეტიც, ამ ცვლილებების შედეგად ახალმა პრობლემებმა იჩინეს თავი. მაგალითად, ვინაიდან ნოტარიუსების მიერ დასამოწმებელი დოკუმენტის ტიპი/საფასური წინასწარ განსაზღვრულია, ჩნდება კითხვა, საჯარო აქტის სახით როგორ უნდა დამოწმდეს განცალკავებულად სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელზეც პირი
მინდობილობით აწერს ხელს ? რა თქმა უნდა პრაქტიკამ ან შემდგომმა ცვლილებებმა ასეთი პრობლემები შეიძლება მოაგვაროს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ცვლილებები სათანადოდ არ იყო მომზადებული.

ნათელია, ცვლილებების შედეგად მიზანი, რომ შემცირდეს მთლიანი სოციალური ხარჯი, ვერ იქნება მიღწეული, ისე გაიზარდა პროცესში ჩართული პირების პირდაპირი ხარჯები, რომ ეს არ იწვევს ზიანის დადგომის (რისკის) ალბათობის შემცირებას. ანუ, ცვლილების შედეგად იცვლება რისკის მატარებელი, საჯარო რეესტრიდან გადადის ნოტარიუსზე. მაგრამ საკითხი აქაც არ არის ცალსახა. კერძოდ, თუ საჯარო რეესტრს წარედგინა საჯარო აქტის სახით დამოწმებული გარიგება, არის თუ არა ის ვალდებული დამატებით გადაამოწმოს მისი შინაარსობრივი მხარე?

როგორც წესი რეესტრი ამას არ აკეთებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში, რეესტრის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა საჯარო აქტის შინაარსობრივი კვლევა განახორციელა. შესაბამისად მკვეთრად არის ნორმატიულ დონეზე განსასაზღვრი რა შემთხვევაში ეყრდნობა სრულად საჯარო აქტს საჯარო რეესტრი და როდის არის ვალდებული დამატებითი კვლევა განახორციელოს.

ცვლილებები პროცესში ჩართული პირების მიმართ სხვადასხვა სტიმულს გამოიწვევს. მაგალითად, ვინაიდან რისკები იზრდება, ნოტარიუსი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმ მოსაკრებელს გადაახდევინებს მომხმარებელს, ან საერთოდ უარს იტყვის მომსახურებაზე თუ რისკის დონე მნიშვნელოვნად მაღალია. განსაკუთრებულ ზეგავლენას მოახდენს და პროცესს უფრო რთულს გახდის იმ კომპანიების მიმართ, რომელთა პარტნიორები უცხოელები და უცხოეთში არიან. მით უფრო ახლა, როცა თითქმის ყველა კომპანია ვალდებულია წლის ბოლომდე კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს მისი შიდა კორპორაციული დოკუმენტები.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიდგომა, რისკი სრულად გადაიტანოს სხვა პირებზე არ არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო და ეფექტიანი გზა, როდესაც ეს ქმედება გარიგების პირდაპირ ხარჯებს ისე ზრდის, რომ არც რისკი და შესაბამისად არც საერთო სოციალური ხარჯების ოდენობა არ მცირდება. მიზანშეწონილი იყო საჯარო - კერძო დიალოგის ფარგლებში მოძებნილიყო უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი გზა პრობლემის გადასაჭრელად.

ავტორი: დავით კლდიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები