მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონმდებლობით ენერგეტიკაში ასოცირებით აღებული ვალდებულებების 80% შესრულებულია - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ერთობლივი გასვლითი სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. კერძოდ, მისი თქმით, 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2019-2020 წლებში საქართველომ, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან ჰარმონიზებული ენერგეტიკული კანონმდებლობა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ პროგრესი ხელშესახებია, თუმცა კვლავაც არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევაც უახლოეს დღის წესრიგშია.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვანი სეგმენტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის.

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოვისმინეთ იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში აქვს სახელმწიფოს აღებული. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხელშესახებია პროგრესი, რომელიც გაგვაჩნია, თუმცა კვლავაც არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევაც უახლოეს დღის წესრიგშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება და აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიხურება, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო შესასრულებელი. საერთო ჯამში, ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური მდგრადობისთვის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები და მხარდამჭერი მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც ამ სექტორს თან ახლავს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ასოცირების შეთანხმებით და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობით საქართველომ აიღო ვალდებულება განახორციელოს ევროკავშირის ძირითადი ენერგეტიკული კანონმდებლობა. 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით შეფასდა საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველომ განავითარა სტაბილური და საიმედო ენერგეტიკული სექტორი. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ენერგეტიკის საკითხის პრიორიტეტულობას ისიც მოწმობს, რომ 2023 წელს დაარსდა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და გასული წლის ნოემბერში პირველი შეხვედრაც გაიმართა”, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ენგურჰესის ტერიტორიაზე გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე ხაზი გაესვა, საქართველოს პოტენციალს მწვანე ენერგიის ტრანზიტის და ექსპორტის კუთხით და იმ პროექტებს, რაც იგეგმება ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით.

„სიმბოლურია ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმების შესრულების 10 წლის ანგარიშის მოსმენა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს და კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები