საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ამ პირებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრად, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრად და დავით სონღულაშვილის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ირაკლი კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" 88 წარმომადგენელმა მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა.
რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილს, მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „კანონით დადგენილ ვადებში მარიამ ქვრივიშვილმა თანამდებობა დატოვა“, რადგან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მეთორმეტე ადგილს იკავებდა.
ამ დროისთვის პრემიერ მინისტრის 3 დეკემბრის ბრძანებით მარიამ ქვრივიშვილი 30 ნოემბრიდან კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
დეპუტატებმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნებს. საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.