მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტი ინტერნეტში მეკობრეობის წინააღმდეგ - როგორ დაიცავენ თავს ავტორები?

622071fc20d34
სალომე მეცხვარიშვილი
04.03.22 00:35
1286
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში” ცვლილებები შედის, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები ინტერნეტში უკანონო, მეკობრული პროდუქციის გავრცელებისგან უნდა დაიცვას. დაგეგმილი ცვლილებები ნაწილია “ელექტრონული კომერციის” შესახებ კანონისა, რომელზეც საქართველო წლებია მუშაობს.

საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ “საქმიან დილაში” საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონპროექტის მეშვეობით საავტორო უფლებების მფლობელებს (ფილმი, მუსიკა, სიუჟეტი და ა.შ.) ეძლევათ შესაძლებლობა სწრაფად იმოქმედონ მეკობრული პროდუქციის წინააღმდეგ, რაც მათ ნაკლებ ზიანს მიაყენებს. დღეს არსებული რეგულაციით, ინტერნეტში მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია, თუმცა დროში გაჭიანურებული პროცესია, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროდუქტის ინტერნეტიდან ჩახსნის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს. ცვლილებებით კი პროცესი მარტივდება. მანანა ფრუიძის თქმით, თუ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი მის პროდუქტს რომელიმე ვებგვერდზე უკანონოდ განთავსებულს ნახავს, ინტერნეტ პროვაიდერს ბმულის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართავს.

“დღეს არსებული მექანიზმი მხარეს შესაძლებლობას აძლევს, იჩივლოს და წავიდეს სასამართლოში, თუმცა ეს არის დროში გაწერილი პროცედურა. არადა ამ შემთხვევაში საჭიროა მყისიერი რეაგირება. როცა ხვალ არის დაგეგმილი ფილმის პრემიერა, საჭიროა ამ პროდუქტის ინტერნეტიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩახსნა”,- ამბობს მანანა ფრუიძე.

მისი განმარტებით, გარკვეული პროცედურა აქაც არსებობს, კერძოდ, საავტორო უფლების მფლობელმა ამ პროდუქტზე მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

“ინტერნეტიდან პირატული პროდუქციის სრულად გაქრობა შეუძლებელია. მეკობრული ხასიათის პროდუქტის გარკვეული წილი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი. უბრალოდ საუბარია, რომ არ გვქონდეს ისეთი მასშტაბი, როგორიც დღეს გვაქვს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიურობა, ანუ თავად უფლების მფლობელების აქტიურობა მეკობრული პროდუქციის წინააღმდეგ”,- აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს ამ მიმართულებით დრამატული ვითარებაა და კონტენტის 90%-ზე მეტი უკანონო და მეკობრულია.

“ეს დაადასტურა გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამაც, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ასევე ამ კვლევამ დაგვანახა ის მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც ადგება ეკონომიკას და ქვეყნის იმიჯს ამ ვითარებიდან გამომდინარე”,- აცხადებს მანანა ფრუიძე.

კითხვაზე, რამდენად მზად არიან თავად ინტერნეტპროვაიდერები ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, მანანა ფრუიძე ამბობს, რომ მათთან არაერთი შეხვედრაა ჩატარებული, კანონპროექტის საბოლოო ვერსიის პრეზენტაციას კი უახლოეს პერიოდში გამართავენ.

შეგახსენებთ, ინტერნეტ მეკობრეობის ერთ-ერთი ბოლო, გახმაურებული შემთხვევა თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. ქართველი და ჰოლივუდელი რეჟისორების გიგა აგლაძისა და დევიდ ლინჩის ფილმი “მეორე მე” პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეკობრულმა ქართულმა საიტებმა მოიპარეს და გაავრცელეს. ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ, მისი ჩვენების უფლება კი შესყიდული ჰქონდა Apple tv, Amazon-ს, Netflix-ს. ავტორები აცხადებდნენ, რომ ქართულ და რუსულ საიტებზე მათმა გავრცელებამ სერიოზულად დააზარალათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები