მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქპატენტის ანგარიში ინტერპრეტირებაა რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად" - გიგა კობალაძე

646649eb63265
გიგა ბენია
18.05.23 20:55
770
დღეს საქპატენტმა საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორიული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. საქპატენტის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი და დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს.



საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე BMG-თან აცხადებს, რომ საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ინტერპრეტირებაა. გიგა კობალაძის თქმით, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი ცდილობს, მსგავსი ქმედებებით, საავტორო უფლებების შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები GERA-ს [საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია] ინტერესებს მოარგოს.

„ეს არის ინტერპრეტირება, რომელიც იქითკენაა მიმართული, რომ საკანონმდებლო ცვლილების პროცესი რუსეთის მიერ შექმნილი არალეგალურად მოქმედი ორგანიზაციის [GERA] მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამით ცდილობენ ამ ასოციაციამ ოპერირება დაიწყოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ასოციაციაში მსოფლიოს ოცეულში შემავალი კომპანიის მიერაც ჩატარდა აუდიტი და მსგავსი დარღვევები არასდროს დაფიქსირებულა", - აცხადებს გიგა კობალაძე.

გიგა კობალაძე ირწმუნება, რომ ადმინისტრაციული ხარჯების დიდი მოცულობა, პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული. მისი თქმით, ასოციაციას 20%-ზე მეტი ჰონორარის დატოვების უფლება აქვს.

„კანონმდებლობასა და ჩვენს წესებში არ არის გათვალისწინებული თუ კონკრეტულად რამდენი უნდა დაიხარჯოს. ეს პროცესი პანდემიის პერიოდს ემთხვევა, როდესაც არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში თანხები გადაიხარჯა", - აღნიშნავს გიგა კობალაძე.

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის საპასუხოდ, საქპატენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რიცხვებით გამოვლენილი ფაქტები ინტერპრეტირება ვერ იქნება და დასძენს, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი არცერთი ასოციაციის ინტერესებს არ ატარებს.

„ინტერპრეტაციას შეიძლება შინაარსი დაექვემდებაროს, მაგრამ ციფრები ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოვიყვანეთ, რომლებიც ციფრებითაა გამყარებული. რაც შეეხება რომელიმე კომპანიის ინტერესების გატარებას, ამას ამბობს GCA, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა. სწორედ, ამიტომ, ვმუშაობთ ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, გახდეს კოლექტიურად მმართველი ორგანიზაცია და ისეთ მექანიზმებს დაექვემდებაროს, რომ ავტორების უფლებები დაცული იყოს", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები