მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს - ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირებაზე

5ef4a31aa8e9b
BM.GE
25.06.20 17:12
993

„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.


შეგახსენებთ, ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც სექტორში ჯარიმების მოცულობას ზრდის და რეგულირების პროცესში სასამართლოს როლს ამცირებს. კომიტეტის შეფასებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა დროებით უნდა შეჩერდეს, ამ პერიოდში კი სამინისტრომ ჯანდაცვის სექტორთან უნდა აწარმოოს კონსულტაციები.


კერძო სექტორთან არსათანადო კომუნიკაციის გამო ტიკარაძის უწყებამ კომიტეტის თავმჯდომარისგან კრიტიკაც დაიმსახურა.“რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც მოდის გამუდმებული ჩივილები, რომ არაფერი შეთანხმებული არ არის? რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში?” - ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას.

“როგორც ჩანს კერძო სექტორთან მუშაობის ფორმატები ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დასახვეწი. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ბევრჯერ გამეორდა დარგის მხრიდან. მე არ ვითხოვ სამინისტროსგან რომ მათ გაითვალისწინონ დარგის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, უბრალოდ საჭიროა დაფიქსირდეს ფაქტი, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდეს პარლამენტში კანონპროექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის არარსებობის გამო, გადავდეთ ეს საკითხი.

არ მივესალმებით სასამართლოსთან მიმართებაში იმ მოცემულობას, რაც იყო წარმოდგენილი, მისი ამოღება არ არის კარგი იდეა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დარჩეს სასამართლოს წესი, თუმცა დოკუმენტაციის ამოღება მოხდეს კლინიკისთვის შეუტყობინებლად,”- განაცხადა გუშინ რომან კაკულიამ.


დღეს მორიგი განხილვა შედგა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, სადაც კომიტეტმა ტიკარაძის უწყების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამედიცინო საქმიანობას არეგულირებს, მხარი დაუჭირა, თუმცა ორი დათქმით, რაც პრინციპული საკითხების ცვლილებას ეხება.

კერძოდ, კაკულიას კომიტეტმა სთხოვა მთავრობას, რომ სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას სასამართლოს ფაქტორი კვლავ დარჩეს, თუმცა განხილული იყოს ორი ვერსია - მარეგულირებელმა მიიღოს სასამართლოს ნებართვა და შევიდეს კლინიკაში გაუფრთხილებლად, ან მარეგულირებელი შევიდეს კლინიკაში და 24 საათში მიიღოს ნებართვა.

მეორე დათქმა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოითხოვა არის შემდეგი: სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს, ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ითხოვდა, თუმცა საკითხზე პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი განხილვა გაიმართა, რის შედეგადაც, საკითხის განხილვა წამყვანმა, ჯანდაცვის კომიტეტმა გადადო, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით ნიშნავს, რომ საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები